“საბოლოო მიზანია – მეტი ტურისტი, შემოსავალი, სამუშაო ადგილი და ქვეყნის ცნობადობა” – გიორგი გახარია

“მთავრობის ფუნქციაა, იზრუნოს ბაზრების დივერსიფიცირებაზე, ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნაზე და დარგში საუკეთესო საინვესტიციო გარემოს შექმნაზე. ესაა ჩვენი ძირითადი ამოცანა“ , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, ეკონომიკის სწრაფი და რაც მთავარია, მდგრადი განვითარება დამოკიდებულია ბიზნეს გარემოზე და იმაზე, რამდენად სწრაფად და ეფექტურად შეძლებს ბიზნესი სამუშაო ადგილების შექმნას.

„ტურისტული სექტორში, ბოლო წლების განმავლობაში იყო ყველაზე დიდი გარღვევა. ყველაზე დიდი ზრდა გვაქვს აქ და რაც მთავარია, გადაცემის ეფექტი ამ დარგს აქვს ყველაზე დიდი. გამოწვევები ძალიან ბევრია. კარგად უნდა ვიცოდეთ, რაა მთავრობის ფუნქცია”, – აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი გახარიას განცხადებით, ამისთვის მთავრობამ 2020 წლის ბიუჯეტში ტურისტული მიმართულებით მოახდინა დაახლოებით 115 მილიონი ლარის ალოკაცია, რომელიც იქნება დახარჯული აღნიშნული მიზნების მისაღწევად.

„ჩვენი ამოცანაა, ჩამოვყალიბდეთ მიმართულებებზე, როგორ, რანაირად, სწრაფად და ეფექტურად ვხარჯოთ ფული. კონკრეტულ შემთხვევებში თქვენ შეიძლება, გქონდეთ პრობლემები, რომლის გადაჭრასაც ბიუროკრატიული იქნება, არაბიუროკრატიული, სუბიექტური თუ ობიექტური, გპირდებით, რომ ამას დასჭირდება დღეები, იქ სადაც შესაძლებელია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დამატებითი ენერგია ეკონომიკაში სასწრაფოდ იყოს მობილიზებული“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მან ტურიზმის განვითარებაში მთავრობის ფუნქციაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და ბიზნესს მათთვის საინტერესო საკითხებზე ღიად საუბარი შესთავაზა. ასევე პრემიერის თქმით, მთავარი მიზანია ქვეყნის ცნობადობისა და ტურისტების რაოდენობის გაზრდა.

„საბოლოო მიზანი ძალიან მარტივია – მეტი ტურისტი ქვეყანაში, მეტი შემოსავალი, მეტი სამუშაო ადგილი და რა თქმა უნდა, ქვეყნის მეტი ცნობადობა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეკონომიკური ეფექტების გარდა, ყველას კარგად გვესმის, რომ ტურიზმს აქვს არანაკლებ მნიშვნელოვანი ეფექტი გადაცემის – ესაა ქვეყნის ცნობადობა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები