“როგორც ჩანს, „ბიჭს“ რაღაც შეეშალა და ამ საქციელის გამო დაისაჯა”, – ასე აფასებს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, დავით ჭიჭინაძე ვანო ზარდიაშვილის მიერ მანდატის დატოვების საკითხს.
როგორც ჭიჭინაძე აცხადებს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, ბესელიასთან მომხდარი ინციდენტი არაფერ შუაშია.
„საქმე იმაშია, რომ ზარდიაშვილს საკმაოდ გადამეტებული წარმოდგენა ჰქონდა საკუთარ თავზე. ჩათვალა, რომ გარკვეული ჯგუფების ლობისტი იყო, მათი ინტერესები უნდა დაეცვა, რის გამოც ამ ყველაფრისთვის შანტაჟური ხასიათის მიცემას შეეცადა და ამას შეეწირა კიდეც.
რადგან ზარდიაშვილი ნამდვილად არ არის ის ადამიანი, რომელიც მსგავს გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებდა, მითუმეტეს ორი-სამი დღის წინ სულ სხვა განწყობებით დადიოდა. ეს არის საკმაოდ მაღალ დონეზე მიღებული გადაწყვეტილება. იმდენად მაღალ დონეზე, რომ „ოცნების“ რიგითმა დეპუტატებმაც კი არ იცოდნენ ამის შესახებ. მოკლედ, არაფერი ამ ქვეყანაში არ იმალება და ადრე თუ გვიან ეს ამბავიც გაჟღერდება“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” დეპუტატმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვანო ზარდიაშვილმა, დეპუტატის მანდატი დატოვა .