მიხეილ კალანდიას საქმეზე ბრალდების მხარის ოთხი მოწმე დაიკითხება

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ კალანდიას საქმეზე, დღეს, ბრალდების მხარის ოთხი მოწმე დაიკითხება.

მიხეილ კალანდიას ადვოკატის, ზურაბ თოდუას განცხადებით, დღემდე სულ 20 მოწმეა დაკითხული, თუმცა მათგან არც ერთი მოწმე მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი არ ყოფილა.

„მიხეილ კალანდიას საქმეზე სასამართლო გამოძიება მიმდინარეობს. მიმდინარეობს ბრალდების მტკიცებულებების გამოკვლევა მოწმეთა დაკითხვის სახით. ველოდებით ბრალდებისგან ოთხ მოწმეს, რომლებიც სავარაუდოდ ბრალდების ინტერესებიდან გამომდინარე მისცემენ ჩვენებას“, – განაცხადა ადვოკატმა.

ზურაბ თოდუას თქმით,  “ფეისბუქმა” საქართველოს სახელმწიფოს ახალი მტკიცებულებები გადმოსცა. ადვოკატის განცხადებით, მიმოწერაში არსად ფიქსირდება კალანდიას მოწოდება შეხვედრაზე „შეიარაღებულები“ მისულიყვნენ. მისი განცხადებით, ეს მტკიცებულება სასამართლომ დასაშვებად ცნო და მისი გამოკვლევა სხვა მტკიცებულებებთან ერთად მოწმეთა დაკითხვების შემდეგ მოხდება.

„ამ მტკიცებულებით პირდაპირ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ მიხეილ კალანდიას მიმართ გამოთქმული ბრალდება ზოგიერთი დაინტერესებული პოლიტიკური პირების მიერ, რომ თითქოს მან წინასწარ მოუწოდა თავის მეგობრებს ხანჯლებითა და დანებით შეიარაღებულები მოსულიყვნენ და ანგარიში გაეწიათ ვინმესთვის, არ დასტურდება. რამეთუ ეს მიმოწერები, ვიღაცებს რომ წაშლილი ეგონა და მირზა სუბელიანის განხორციელებული ზეწოლის შედეგად გამოძიებით არ იქნა ამოღებული, გაბათილდა“, – განაცხადა ზურაბ თოდუამ.

მსგავსი თემები