„არ ვაპირებ, დავთმო სიმართლე“ – ზაქარია  ქუცნაშვილმა დეპუტატის მანდატი ორი მიზეზით დატოვა

პარლამენტის ყოფილმა წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა „მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის“ ჩაშლისა და პარლამენტის მანდატის დატოვების შემდეგ, პირველი პრესკონფერენცია „მედიაცენტრ მთავარში“ დღეს გამართა და დაგროვილ კითხვებს უპასუხა.

როგორც ყოფილმა დეპუტატმა აღნიშნა, მან ხლხის მიერ მინიჭებული საპარლამენტო მანდატი ორი მიზეზით დატოვა.

„რატომ დავდე მანდატი? ორი მიზეზის გამო. პირველი იმიტომ, რომ მსურდა ჩემ გადაწყვეტილებას ადამიანების, თუნდაც, ნაწილის განწყობებზე ემოქმედა და სიმართლის გაუცნობიერებლად მათ რიგებში სიმშვიდე შეეტანა. რადგან მჯერა, რომ პოლიტიკოსი მხოლოდ იმ შემთხვევაშია პასუხისმგებლიანი თუ შეძლებს სხვის შეცდომაშიც თავისი წილი დაინახოს. ამ გადასახედიდან, ვფიქრობ, რომ ასამბლეაში 6 წლის მანძილზე, საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვისთვის, ჩვენს მიერ გატარებული არაერთი ღონისძიება სათანადოდ რომ წარმოჩინებულიყო „ომის პარტიის“ წარმომადგენლებს ხალხის ნაწილის ეგზალტირება გაუჭირდებოდათ. შეცდომა მდგომარეობდა იმაშიც, რომ ვერ დავუშვით გენერალური ასამბლეის წარმართვისას საერთაშორისო სამდივნოსთან შეთანხმებული დღის წესრიგიდან  გადახვევა.

მეორე მიზეზი ასევე ადამიანურია. არ წარმომიდგენია, ნებისმიერ საქმეში  ვიყოთ ბევრი და პასუხი მხოლოდ ერთმა აგოს. პარლამენტის თავმჯდომარის მზაობას გადადგომის თაობაზე, ვერ დავტოვებდი ადამიანური სოლიდარობის გარეშე. საპარლამენტო თანამდებობა არ მეკავა, ამიტომ, ვერ გადავდგებოდი. ჩემს ამომრჩეველს ბოდიში მოვუხადე და მანდატი დავთმე. ეს იყო ჩემი ინიციატივა და ჩემი მოსაზრება. გუნდმა დამიჭირა მხარი და მადლობაც გადამიხადეს ამ გადაწყვეტილებისთვის,  რადგან, საკმაოდ მაღალი იყო მღელვარება საზოგადოებაში და თუნდაც გაუცნობიერებლად, ჩემი გადაწყვეტილება ამ ადამიანებში ხელს შეუწყობდა მშვიდობიანი განწყობის ჩამოყალიბებას. აქედან გამომდინარე დავთმე მანდატი მაგრამ არ ვაპირებ დავთმო სიმართლე“.

მსგავსი თემები