„შეგნებულად ვდუმდი, როცა სიმართლე შენს მხარესაა, 100 დღე კი არა, 1000 წელი რომ გავიდეს, ის არ დაიკარგება“ – ზაქარია ქუცნაშვილი გავრცელებულ სიცრუეზე

ყოფილი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი იმ ცრუ ინფორმაციაზე საუბრობს, რაც „მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის“ (IAO) საქართველოში ჩატარებასთან დაკავშირებით გავრცელდა და ამბობს, რომ სერგეი გავრილოვი საქართველოში ბევრად უფრო ადრე იმყოფებოდა, ვიდრე 2019 წელს.

აღნიშნულ თემაზე, ყოფილმა დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„სერგეი გავრილოვს, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ასევე, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები ბევრად ადრე იცნობდნენ, შეხვედრილან კიდეც, მისი თავმჯდომარეობით ჩატარებულ ასამბლეაშიც მიუღიათ მონაწილეობა და სამახსოვრო ფოტოსურათებიც გადაუღიათ. ანუ, რაც საქართველოში მიუღებლად წარმოაჩინეს, საზღვარგარეთ ყველაფერი გაკეთებული ჰქონდათ. უახლეს ისტორიაში მათთვის არასასურველი ფაქტების მიჩქმალვით კი ისეთი სურათი დახატეს, რომ თითქოს, რუსები აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში მომხდარი უსამართლო ომების შემდეგ პირველად მოხვდნენ საქართველოს პარლამენტის შენობაში. არადა, ყველას კარგად გვახსოვს, რომ ვლადიმერ პუტინმა სწორედ საქართველოს პარლამენტის შენობაში დაბანაკებულ „ვარდების რევოლუციის“ ბელადებს გამოუგზავნა საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ივანოვი. კაცი, რომელმაც 2003 წლის 23 ნოემბერს საქართველოს პარლამენტიდან წაიყვანა სააკაშვილი ედუარდ შევარდნაძის კრწანისის რეზიდენციაში, ამ უკანასკნელისგან გადადგომის მისაღებად. ამის შემდეგ, იგორ ივანოვმა იგივე პარლამენტის შენობის წინ გამართულ მიტინგზე მიხელ სააკაშვილი რევოლუციაში გამარჯვებულად გამოაცხადა. რუსეთის ფედერაციის ოფიციალური პირების მონაწილეობით ხელისუფლების გადაბარების ისტორია ხომ უტყუარი ფაქტია“ –  განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

ყოფილი დეპუტატი მეორე ფაქტსაც შეეხო, რაც სერგეი გავრილოვის, ქართველების წინააღმდეგ  ომში მონაწილეობას ეხება.

„ოპოზიციის ნაწილის ტყუილია ის, რომ თითქოს, სერგეი გავრილოვი  აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში წარმოებული უსამართლო ომების შემდეგ პირველად ვიხილეთ საქართველოს პარლამენტში; თითქოს, IAO ეს არის რუსული ინტერესების მატარებელი საერთაშორისო ორგანიზაცია; რომ   პრეზიდენტის რანგში კი არ გვესტუმრა ეროვნებით რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი, არამედ მხოლოდ რუსეთის ფედერაციის დუმის წევრის სტატუსით; რომ მას თითქოს ნაომარი ჰქონდა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში ქართველების წინააღმდეგ, არადა, ის ჯარშიც კი არ არის ნამყოფი და დედით ქართველია. მას  საქართველოს წინააღმდეგ ომში მონაწილეობა არ მიუღია და არც „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონი დაურღვევია“ – განაცხადა ყოფილმა დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავარში.“

მსგავსი თემები