“ეს არის გამოუსწორებელი დანაშაული” – სკანდალური შეწყალების საქმეზე გამოძიება გრძელდება

მესამე კვირაა აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს პრეზიდენტის სკანდალური შეწყალების საქმეზე.

უკვე მეორედ, დღეს პროკურატურაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი დაიბარეს. რა ინფორმაცია მიაწოდა ანგი ხუციშვილმა გამომძიებლებს, უცნობია.

უწყებაში, ასევე, მეორედ მივიდა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი. რამდენიმე საათიანი გამოკითხვის შემდეგ, მას კომენტარი არ გაუკეთებია.

შვილის უდანაშაულობაში დარწმუნებულია და პრეზიდენტის გადაწყვეტილებას სამართლიანად აფასებს დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის მსჯავრდებული და პრეზიდენტის მიერ შეწყალებული ასლან ბეჟანიძის დედა. თამარ მუქერია ადვოკატთან ერთად გენერალურ პროკურატურაში ოთხი საათი იკითხებოდა. მისივე თქმით, სწორედ მან მიმართა პრეზიდენტს შვილის შეწყალებაზე.

კითხვაზე, შეწყალების შესახებ განაცხადის წარდგენაზე, ჰქონდა თუ არა პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან რაიმე ტიპის კომუნიკაცია, ყოფილი მსჯავრდებულის დედა ამბობს, რომ მსგავსი რამ არ ყოფილა.

„გავატანე მობილური, არაფერი ინფორმაცია არაა და ვერაფერს ვერ აღმოაჩენენ. არ ვიცი რას ეძებენ და კომუნიკაცია არავისთან არ მქონია“, – აღნიშნა მუქერიამ.

როგორც ბეჟანიძის ადვოკატმა “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფნის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულებები არ არსებობს.

მოკლული დავით ოთხმეზურის მამა სალომე ზურაბიშვილს პროტესტს უცხადებს. გოგი ოთხმეზური ადასტურებს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან შეხვედრა შესთავაზეს, თუმცა უარი თქვა.

„დამიკავშირდნენ და მთხოვეს შეხვედრა, თუმცა ვუთხარი უარი. ზოგადად ვთქვი ჩემი დამოკიდებულება და მეტი ამ საქმეზე საუბარს არ ვაპირებ“, – განაცხადა გოგი ოთხმეზურმა.

სალომე ზურაბიშვილთან საუბარი არ სურს არც სოსო ქოავას ოჯახს. თამაზ ქოიავა ფიქრობს, რომ მისი შვილის მკვლელის შეწყალება გამოუსწორებელი დანაშაულია და ამაზე პასუხი სალომე ზურაბიშვილმა უნდა აგოს.

„წარმოუდგენელი რამ გააკეთა სალომე ზურაბიშვილმა, გამოუსწორებელი დანაშაული. რისთვის უნდა შევხვდე? ხელი უნდა ჩამოვართვა თუ მადლობა ვუთხრა“, – განაცხადა თამაზ ქოიავამ.

20 სექტემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება სკანდალური შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე. დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით.

მსგავსი თემები