“ვგმობ დღეს გაკეთებულ სექსისტურ განცხადებას” – სალომე ზურაბიშვილი

“ვგმობ დღეს გაკეთებულ სექსისტურ განცხადებას. კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის და, მგონი, ასევე ქართული საზოგადოებისთვის, დღეს ერთ-ერთი პოლიტიკური ლიდერის მიერ გაკეთებული შეფასება ქალი პოლიტიკოსის მისამართით”, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძის სექსისტურ განცხადებას ვიცეპრემიერ მაია ცქიტიშვილის მისამართით. 

“ქალის მიმართ დამამცირებელი და დამაკნინებელი კომენტარები მთელ მსოფლიოში დასჯადი ხდება და, მით უმეტეს, მიუღებელია ქართული კულტურისა და ტრადიციებისთვის.

მსგავსი კომენტარი იქნება თუ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მუდმივი ტირაჟირება ან კიდევ შეურაცხყოფის მიყენების სხვადასხვა ფორმა, რეალურად ჩვენ საზოგადოებას ამცირებს და არ გვეკადრება.
ვისურვებდი, რომ ამ საარჩევნო პერიოდის დასაწყისში ყველა ვთანხმდებოდეთ მინიმალური ეთიკის ნორმებზე და სიძულვილისა და შეურაცხყოფის ენისგან თავშეკავებაზე”, – აცხადებს ზურაბიშვილი.

დღეს, მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ ინფრასტრუქტურის მინისტრის გასაკრიტიკებლად სექსისტური გამონათქვამი გამოიყენა. 

“მაია ცქიტიშვილი შეიძლება, კარგად აცხობს ხაჭაპურებს, მაგრამ საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, რა არის ინფრასტრუქტურა. არ ვიცი, რა გამოცდილება ჰქონდა წინა ცხოვრებაში მაია ცქიტიშვილს, როცა ამხელა მილიარდებს აბარებენ. შეიძლება, ეს იყო გამოწვეული იქიდან, რომ ბიძინა ივანიშვილს ჰგონია, მაია ცქიტიშვილის ხელში თანხა არ დაიკარგება კორუფციული თვალსაზრისით. მე მას ვურჩევ, მაია ცქიტიშვილის ქვემოთ ჩაიხედოს, როგორ მიდის ტენდერები, კითხოს კერძო კომპანიებს, თუ რანაირი ტიპის კორუფცია არის გასული ინფრასტრუქტურის სისტემაში. ამაზე ჩვენ პასუხს მოვთხოვთ“, – განაცხადა ხაზარაძემ.

მსგავსი თემები