“ნატოში გაწევრიანებას, მოქალაქეების 71%-ზე მეტი უჭერს მხარს, რაც სიმტკიცეს მატებს ჩვენს მისწრაფებას“ – გიორგი გახარია

“ნატო-სთან მტკიცე ურთიერთობა საქართველოს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საფუძველია”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც საქართველოს მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საქართველოში მეხუთე სტუმრობა პირდაპირ მიუთითებს ნატო-ს მიერ საქართველოს მხარდაჭერაზე.

„გახლავთ საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მე-5 სტუმრობა, რაც პირდაპირ მიუთითებს ნატო-ს მიერ საქართველოს მხარდაჭერას, რისთვისაც საქართველოს მთავრობის სახელით გიხდით მადლობას. მინდა, ასევე ნატო-ს თითოეულ წევრს გადავუხადო მადლობა, რამეთუ მხარს უჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მის დამოუკიდებლობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე საქართველომ მიიღო დაპირება წევრი ქვეყნებისგან, რომ გახდებოდა ნატო-ს წევრი და ეს დაპირება ამოძრავებს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს.

„ყველას გვესმის, რომ უსაფრთხო შავი ზღვა არის უსაფრთხო ევროატლანტიკური სივრცის გარანტია. ყირიმის ანექსიის შემდგომ მოხდა რუსეთის გაძლიერება შავი ზღვის სივრცეში და რა თქმა უნდა, ნატო-ს წარმომადგენლობა შავ ზღვაში არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. კოლეგებო, 2002 წელს საქართველომ მიმართა ნატო-ს წევრობის თხოვნით და მას შემდგომ ქვეყანამ გამოიარა ბევრი განსაცდელი, თუმცა ასევე აჩვენა ძალიან სერიოზული წინსვლა. ეს წინსვლა კიდევ ერთხელ დადასტურდა ბუქარესტის 2008 წლის სამიტზე, როდესაც საქართველომ მიიღო დაპირება წევრი ქვეყნებისგან, რომ საქართველო გახდებოდა ნატო-ს წევრი. ეს დაპირება ამოძრავებს თითოეულ ქართველ მოქალაქეს და ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს წევრობას დღეს მხარს უჭერს მოქალაქეების 71 პროცენტზე მეტი, რაც დიდ სიმტკიცეს მატებს ჩვენს ევროატლანტიკურ მისწრაფებას“, – განაცხდა გიორგი გახარიამ.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა არის უსაფრთხოების გარანტი ბევრ რეგიონში და შესძენს იმედს ისეთ მცირე ერებს, როგორიც არის საქართველო.

მსგავსი თემები