“თბილისობა 2019” – ის პროგრამა ცნობილია

5-6 ოქტომბერს „თბილისობა 2019“ გაიმართება. საზეიმო ღონისძიებებისთვის უკვე შერჩეულია ადგილმდებარეობები – რიყე, ლეღვთახევი, მეტეხის ხიდი, ევროპისა და ორბელიანის მოედნები.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, თბილისობის წლევანდელი პროგრამა განახლებულია და მრავალფეროვან აქტივობას მოიცავს. ღონისძიებებს შორის იქნება საბავშვო კონცერტები და ატრაქციონები; კულინარიის, ტკბილეულისა და ყვავილების ფესტივალები; კოსტიუმირებული მსვლელობები და სპორტული აქტივობები; „მულტიეთნიკური თბილისი“ რიყეზე; ორბელიანის ღია ბაზარი; პროექტი „გვიდირიჟორე“; თბილისთან დაძმობილებული ქალაქების პავილიონები; მუსიკალური წარმოდგენები და სხვა.

ლეღვთახევში მოეწყობა „მუზეუმი ღია ცის ქვეშ“, სადაც წარმოდგენილი იქნება პროექცია კლდეზე: ქართველი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების ვიდეოები, ცნობილი ფერწერული ნამუშევრები და ა.შ. ამ ადგილის დათვალიერებისას ინსტალაციის შესაბამისად შეიცვლება მუსიკა და გამოსახულება. მეტეხის ხიდზე კი სპორტული და რარიტეტული ავტომანქანების გამოფენა მოეწყობა.

5 ოქტომბერს, 20:00 საათზე, ორბელიანის მოედანზე გაიმართება საპატიო თბილისელების დაჯილდოება და გალაკონცერტი – „მე ვარ თბილისი“. ღონისძიებაზე სახელოვანი წინაპრების პარალელურად, წარმოჩენილი იქნება ახალი თაობა, როგორც დედაქალაქის წინსვლისა და უკეთესი მომავლის საწინდარი.

საღამოში მონაწილეობას მიიღებენ საშემსრულებლო ხელოვნების თვალსაჩინო მოღვაწეები და სახელგანთქმული კოლექტივები.

თბილისობის დასასრულს, 6 ოქტომბერს, 20:00 საათზე, ევროპის მოედანზე, დედაქალაქის მერიის მიერ დაფუძნებული თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება განუმეორებელი სანახაობა – „მუარე იქსფირიენს“, რომელიც წარმოადგენს აკრობატების საჰაერო შოუს როკმუსიკის თანხლებით.

მსგავსი თემები