“ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრა რთული ვითარებიდან გამოსავლის ძიებაზე იყო ორიენტირებული” – რუსეთის საგარეო უწყება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სერგეი ლავროვისა და დავით ზალკალიანის შეხვედრასთან დაკავშირებით, ოფიციალურ კომენტარს აკეთებს.

„ყურადღება მივაქციეთ ნიუ-იორკში რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თავის ქართველ კოლეგასთან გამართული შეხვედრის შემდეგ თბილისში ატეხილ ხმაურს. სამწუხაროდ, კვლავ გვესმის გაცვეთილი თეზისები „ოკუპაციის“ შესახებ. ამას გარდა, როგორც ჩანს, ჩვენი ქართველი კოლეგები შეშფოთებულები არიან არა იმდენად ამ მოლაპარაკებების შინაარსითა და მიმართულებით, რამდენადაც პროტოკოლისა და ფორმატის საკითხებით”, – ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის საგარეო უწყებაში დარწმუნებულები არიან, რომ პირდაპირი და გულწრფელი საუბარი საქართველოსა და რუსეთის მოსახლეობის ინტერესებში შედის.

“ბოლო 12 წლის განმავლობაში ნიუ-იოკრში გამართული ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა ორიენტირებული იყო იმ რთული ვითარებიდან გამოსავლის ძიებაზე, რომელშიც აღმოჩნდა რუსულ-ქართული ურთიერთობები, მათ შორის მიმდინარე წლის ივნისი-ივლისის ცნობილი მოვლენების შედეგად“, – ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მადლობას უხდის შვეიცარიას, რომლის ხელშეწყობითაც გაიმართა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა.

მსგავსი თემები