„შეწყალება ერთადერთი გზა იყო, რომ სასამართლოს მიერ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება გამოსწორებულიყო“ – ადვოკატი

  •  

საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებული რამაზ დევაძის ინტერესების დამცველის, გელა ნიკოლეიშვილის განცხადებით, რამაზ დევაძის შეწყალება, ერთადერთი საშუალება იყო, სასამართლოს მიერ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილების გამოსასწორებლად.

როგორც გელა ნიკოლეიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა საქმეზე დაწყებული გამოძიება ვერაფერს გამოიკვლევს, რადგანაც, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არანაირ კორუფციას ადგილი არ ჰქონია და სალომე ზურაბიშვილმა სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო.  

„გინდ საპარლამენტო კომისია შეიქმნას, გინდ  პროკურატურამ გააგრძელოს გამოძიება, რა უნდა დადგინდეს?  რამაზ დევაძის შემთხვევაში ყველაფერი სახეზეა, არსებობს კადრები, მტკიცებულება, რომ ეს იყო შემთხვევითობა. ზოგადად ვიტყვი, რომ  დიდი შეცდომა იყო, როდესაც პრეზიდენტმა გააუქმა შეწყალების კომისია. მას აუცილებლად უნდა შეექმნა ახალი კომისია.  შეწყალება არის ერთადერთი გზა, რომლითაც შესაძლებელია უსამართლო სასამართლოს შეცდომისა და  პოლიტიკური გადაწყვეტილების გამოსწორება. ვფიქრობ, ამ გამოძიებას არავითარი შედეგი არ მოჰყვება. შედეგი იქნება ის, რომ მორატორიუმი რაც პრეზიდენტმა გამოაცხადა, დიდხანს გაგრძელდება. პატიმრები აღშფოთებულები არიან და ზოგი, სტრასბურგის სასამართლოში ჩივილსაც  აპირებს,“ – განაცხადა გელა ნიკოლეიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.“

შეგახსენებთ, რომ 2014 წელს თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის გასამართლებული მსოფლიო ჩემპიონი, მოჭიდავე რამაზ დევაძე საქართველოს პრეზიდენტმა 28 აგვისტოს შეიწყალა.  სასამართლომ რამაზ დევაძეს 12 წელი მიუსაჯა. მან საპატიმროში 4 წელი და 8 თვე გაატარა.  

მსგავსი თემები