ოპოზიცია საგარეო საქმეთა მინისტრს პარლამენტში იბარებს

ოპოზიცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას ითხოვს.

“ნაციონალური მოძრაობა” დავით ზალკალიანისგან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შესახებ ახსნა-განმარტებას ითხოვს. კერძოდ, დეპუტატებს აინტერესებთ, თუ რა ფორმატით გაიმართა შეხვედრა სერგეი ლავროვთან, კონკრეტულად რა იყო ქართული მხარის გზავნილები და რატომ იყო გასაიდუმლოებული მოლაპარაკების როგორც დანიშვნა, ასევე მისი შედეგები.

პარლამენტის ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, რომან გოცირიძე თვლის, რომ ზალკალიანი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრა არათუ უშედეგოდ, არამედ საქართველოსთვის წამგებიანად დასრულდა.

“ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” გენერალური მდივანი, გიგი უგულავას განცხადებით კი, რუსეთი საქართველოს ხელისუფლებას ძალაუფლების შენარჩუნებაში დაეხმარება.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი ცქიტიშვილის განმარტებით,საგარეო საქმეთა მინისტრის პირდაპირი მოვალეობაა, როგორც თანამოაზრეებთან, ასევე მტრებთან შეხვედრა.

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში, შვეიცარიის კონფედერაციის ინიციატივითა და ორგანიზებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შეხვედრა გაიმართა.

მსგავსი თემები