“ერთ უბედურებას მეორე უბედურება დაემატა“ – ჭავჭავაძეზე დატბორილები დახმარებას ითხოვენ

განადგურებული საკანცელარიო ნივთები და ინვენტარი, მწყობრიდან გამოსული ტექნიკა- კარტრიჯები, პრინტერები, გადასაყრელი წიგნები, ლიტერატურა, საღებავები თუ წვრილმანი ნივთები – ეს ის შედეგია, რომელიც ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად მოვარდნილმა ნიაღვარმა მიწისქვეშა გადასასვლელში მოვაჭრეებს მოუტანა. ყველა საკუთარ ზარალს მისტირის და დახმარებას ითხოვს.

აღნიშნულ მიწისქვეშა გადასასვლელში განთავსებულ მცირე მოვაჭრეებს, რამდენიმე თვეა, ისედაც მძიმე ტვირთად აწევს ფართის გადასახადი, რადგანაც, გადათხრილი ჭავჭავაძის გამზირის გამო, იმ თანხასაც კი ვერ შოულობენ, რომელიც მხოლოდ ქირის დასაფარად იქნებოდა საკმარისი. ამ უბედურებას კი მეორე უბედურება დაემატა, რომელმაც მათი მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა.

„იცით, რომ ჭავჭავაძის გამზირი რამდენიმე თვეა, გადათხრილია და მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაც კარგია. თუმცა, ამ ვითარების გამო ქვეითად მოსიარულეები თითქმის არ გადაადგილდებიან, რის გამოც, ვაჭრობა საერთოდ არ გვაქვს. 2 თვის გადასახადი ვალებით გადავიხადეთ, ვფიქრობდით, რომ სექტემბრიდან ჭავჭავაძის გამზირი გაიხსნებოდა, თუმცა, ისევ გადათხრილია ყველაფერი. არ გვაქვს ვაჭრობა და ვერ ვიხდით ნაქირავები ფართის თანხას, რაც მეპატრონეს არც აინტერესებს. ამ ჩვენს უბედურებას მეორე უბედურებაც დაემატა, რომელმაც საერთოდ გაგვანადგურა“ – აცხადებენ მიწისქვეშ დასაქმებულები „მედიაცენტრ მთავართან“.

რაც შეეხება დატბორვის მიზეზს, მათი ინფორმაციით, ამის მიზეზი გამზირზე მიმდინარე სამუშაოებია, რის გამოც, მთელი კომუნიკაცია მიწის ქვეშა გადასასვლელში ჩავიდა.

„ჩვენს თავზე, ჭავჭავაძის გამზირზე ორმოებია ამოთხრილი, სადაც ჩადის მთელი კომუნიკაცია. ერთ-ერთი ორმო დაახლოებით 10 მეტრიანია. ამ ორმოსთან უზარმაზარი სანიაღვრე მილი ღიად დატოვეს, რომელსაც ორმოში აქვს თავი ჩაგდებული. წვიმის შედეგად, ეს ორმო აივსო წყლით და მთელი ჩანჩქერი წამოვიდა ქვევით, მიწისქვეშა გადასასვლელში. შედეგად კი მივიღეთ ის უბედურება, რასაც ხედავთ. ნახევარი ინვენტარი გადავყარეთ, მეორე ამდენი გადასაყრელია, მთელი მაღაზიები ტალახითა და შლამით აივსო. ახლა იმის იმედად ვართ, რომ ვინმე აიღებს პასუხისმგებლობას და მოგვაქცევს ყურადღებას“ – განუცხადეს დასაქმებულებმა „მედიაცენტრ მთავარს“.

ისინი დღეს ელოდებიან მერიიდან და სამუშაოების მწარმოებელი კომპანიიდან წარმომადგენლებს და იმედი აქვთ, დაეხმარებიან. ასევე, იმედი აქვთ, რომ ფართის მეპატრონეს გამოიჩენს ყურადღებას და სოლიდარობას და ფართის ქირას მინიმუმ გაუნახევრებს. რეაბილიტაციას კომპანია „ჯეო გრუპი“ აწარმოებს. მისი წარმომადგენელი ადასტურებს, რომ დატბორვა მათი ბრალეულობით მოხდა და დაზარალებულებს დახმარებას ჰპირდება, თუმცა, არ გამორიცხავს, რომ მსგავსი შემთხვევა ისევ განმეორდება.

„არსებული წყლის მასა კანალიზაციის ქსელმა ვერ გაატარა და გარკვეული დოზით, მიწისქვეშა სანიაღვრეშიც მოხდა. 100%-ით დაზღვევას ვერავინ დადებს, რომ ყველაფერი თავიდან იქნება აცილებული. რაც შეიძლებოდა გაკეთებულია და კიდევ გავაკეთებთ“ – აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი გიორგი თავართქილაძე.

შეგახსენებთ, რომ მოვარდნილმა წყლის ნაკადმა, „პიქსელის“ წინ მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელი გუშინ დატბორა.

მსგავსი თემები