26 წელი სოხუმის დაცემიდან

დღეს სოხუმის დაცემიდან ზუსტად 26 წელი გავიდა. აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა.

სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. 1993 წლის 16 სექტემბერს, აფხაზურმა მხარემ 27 ივლისის სოჭის შეთანხმება „ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ“ დაარღვია და დაიწყო შტურმი სოხუმის ასაღებად. სოხუმისთვის ბრძოლა 11 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. აფხაზურ-რუსულმა, ჩრდილოეთ კავკასიელთა და კაზაკთა შენაერთებმა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობაზე შტურმი 27 სექტემბერს დაიწყეს და ტყვედ აიყვანეს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, ჟიული შარტავა, ქალაქ სოხუმის მერი, გურამ გაბესკირია და მინისტრთა საბჭოს 27 თანამშრომელი, რომლებიც დახვრიტეს.

სეპარატისტებმა აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე კონტროლი 30 სექტემბერს დაამყარეს. მათ მიერ მოწყობილი ეთნიკური წმენდის შედეგად 10 ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 300 ათასზე მეტი კი, დევნილად იქცა. აფხაზეთში ეთნიკური წმენდის ფაქტი აღიარებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. მრავალწლიანი მოლაპარაკებებისა და გაერო-ს მიერ მიღებული რეზოლუციების მიუხედავად, კონფლიქტის ისევ მოუგვარებლად რჩება. 

მსგავსი თემები