„არსებობს ცხოვრებაში რაღაც ეტაპები, როდესაც ცდილობ, შენს თავს სხვა სიმაღლეებიდან მისცე სხვა შესაძლებლობები“ – გენ პროკურორის მოადგილე

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, გენერალური პროკურორის მოადგილეს მამუკა ვასაძეს უსმენენ. ოპოზიცია აპირებს, მას გახმაურებულ საქმეებზე, მათ შორის ხორავას ქუჩის მკვლელობასა და ფარულ ჩანაწერების გავრცელებაზე ჰკითხოს. ამ წუთებში , მამუკა ვასაძეს კითხვებს საპარლამენტო უმრავლესობა უსვამს.

„2014 წლიდან პროკურატურაში მუშაობთ, მანამდეც საგამოძიებო სტრუქტურებში საქმიანობდით. თვითონ სასამართლო სისტემის შიგნით არასდროს გიმუშავიათ. როდის და რატომ გადაწყვიტეთ, რომ სასამართლოში გაგეგრძელებინათ თქვენი პროფესიული კარიერული საქმიანობა, იმ სისტემაში, რომელშიც არასდროს გიმუშავიათ?“ – აღნიშნული შეკითხვით, საქართველოს პარლამენტის წევრმა, ნინო გოგუაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს მამუკა ვასაძეს მიმართა.

მამუკა ვასაძემ თავისი გადაწყვეტილება ახალი საკანონმდებლო რეგულაციებით ახსნა და ასევე აღნიშნა, რომ „არსებობს ცხოვრებაში რაღაც ეტაპები, როდესაც ცდილობ შენს თავს სხვა სიმაღლეებიდან მისცე სხვა შესაძლებლობები, რომ ემსახურო შენს ქვეყანას, მართლმსაჯულებას და იმ სისტემას, რასაც ჰქვია კანონის მსახურება.”

მოსამართლეობის კანდიდატის თქმით, მოსამართლეები, არ უნდა იყვნენ დამოკიდებული ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ცვლილებებზე. “სასამართლო ხელისუფლება უნდა იყოს ის რგოლი ხელისუფლების, რომელიც არ უნდა იყოს დამოკიდებული ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე, თუნდაც აღმასრულებელ ხელისუფლებაში საკადრო ცვლილებებზე და ა. შ.” , – განაცხადა მამუკა ვასაძემ იურიდიული საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ვასაძე ერთ-ერთია, რომელმაც უზენაესი სასამართლო მოსამართლეობის სურვილი გამოხატა. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კი ის ე.წ. რჩეული კანდიდატების სიაში ჩასვა და პარლამენტს გადაუგზავნა.  

მსგავსი თემები