“დასავლელი პარტნიორებისგან მივიღეთ გზავნილი, რომ რუსეთთან პირდაპირი კომუნიკაცია საჭიროა” – ზურაბ აბაშიძე

“გაერო-ში შეხვედრებზე ჩვენმა დელეგაციამ მიიღო გზავნილი ჩვენი დასავლელი და სტრატეგიული პარტნიორებისგან იმის თაობაზე, რომ საჭიროა პირდაპირი კომუნიკაცია რუსულ მხარესთან”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა.

ზურაბ აბაშიძის განცხადებით, საქართველოს დელეგაციას ნიუ-იორკში მაღალ დონეზე ჰქონდა შეხვედრები პარტნიორ და მეგობარ ქვეყნებთან და ამ შეხვედრების მთავარი თემა ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება იყო.

„თითქმის ყველა შეხვედრაზე, ჩვენმა დელეგაციამ დასავლელი პარტნიორებისგან მიიღო გზავნილი, რომ სასურველია, შედგეს კომუნიკაცია რუსეთის მხარესთან. ასევე, შვეიცარიულმა მხარემ შემოგვთავაზა, მისივე ჩართულობით გაერო-ში მიმდინარე ასამბლეის ფარგლებში, მოხდეს კომუნიკაცია რუსულ მხარესთან. ჩვენმა დელეგაციამ ეს შემოთავაზება მიიღო. დამატებით ინფორმაციას ველით ნიუ-იორკიდან, რონელსაც მიღებისთანავე გაგაცნობთ,“- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის განცხადებით, გაერო-ში მთავარი თემა იყო ოკუპაცია, სიტუაცია ოკუპირებულ რეგიონებში, ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევა და საოკუპაციო ხაზთან გამწვავებული ვითარება.

„ზოგადად მთელი ეს ძალისხმევა მიმართულია, რათა მოხდეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების, ჟენევის ფორმატის ეფექტიანობის ამაღლება და შედეგიანობის დონის ამაღლება. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანები,“ – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

მსგავსი თემები