„მკვლელობა 2004-ში მოხდა, ეჭვმიტანილის სახლი 2016-ში გაჩხრიკეს,  სისხლიან დანას 12 წლის მერე ეძებდნენ?“- ოთხმეზურის მკვლელობა

„ტყუილია ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება, თითქოს, ასლან ბეჟანიძე 12 წლის განმავლობაში იმალებოდა და იყო ძებნილი. მკვლელობაზე, რომელიც მოხდა 2004 წელს, გამოძიება დასრულდა 2016 წელს.  მანამდე, ასლან ბეჟანიძე არც დაკითხულა და საქმეში არც ფიგურირებდა, შესაბამისად, რატომ უნდა დამალულიყო, როცა არანაირი მტკიცებულება მის წინააღმდეგ არ არსებობდა“ – ასე პასუხობს დაცვის მხარე დავით ოთხმეზურის მკვლელობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი 12 წელი მიმალვაში იყო.

როგორც ტარიელ კაკაბაძემ „მედიაცენტრ მთავარში“  გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ასლან ბეჟანიძეს ბრალი 2016 წელს წაუყენეს და ის თავად ჩაბარდა, მიმალვის გარეშე.

„ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს ასლან ბეჟანიძე 12 წლის განმავლობაში იყო ძებნილი. თუ თქვენ გაეცნობით პროკურორთან ინტერვიუს, ნახავთ, რომ ყველა ის მოწმე, ვინც ასლან ბეჟანიძეს ამხელს, დაკითხულია 2016 წელს.  მანამდე, არც ერთი პირი ადებს ხელს ასლან ბეჟანიძეს. შესაბამისად, როდესაც 12 წლის განმავლობაში არავინ  ადებდა ხელს, რატომ უნდა მიმალულიყო? მას 2016 წელს წაუყენეს ბრალი და მაშინ დააკავეს“ – აღნიშნა ტარიელ კაკაბაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე განცხადებით, მკვლელობა 2004-ში მოხდა, ეჭვმიტანილის სახლი კი 2016-ში გაჩხრიკეს.

„თუ საგამოძიებო უწყებას 2004-ში ჰქონდა ეჭვი ასლან ბეჟანიძის მიმართ,  სახლის ჩხრეკას რა ედგა წინ? ასლან ბეჟანიძის სახლის ჩხრეკაც კი არ ჩატარებულა. 2004-ში მოხდა მკვლელობა და ასლან ბეჟანიძის სახლი, პირველად  2016 წელს გაჩხრიკეს.  მაინტერესებს, 12 წლის შემდეგ, მის სახლში სისხლიან დანას ეძებდნენ? თუ ყველამ იცოდა, რომ დანაშაული მისი ჩადენილი იყო, სულ მცირე, სახლის ჩხრეკა ჩატარდებოდა და ძებნა გამოცხადდებოდა“ – განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

„მედიაცენტრი მთავარის“ კითხვას,  თუ საქმეში არსებობს მტკიცებულებები, რომელიც ასლან ბეჟანიძის უდანაშაულობას ადასტურებს, ამაში რატომ ვერ დარწმუნდა დაზარალებული გიორგი ოთხმზური, რომელიც ამტკიცებს, რომ ბეჟანიძე მკვლელია, ტარიელ კაკაბაძემ შემდეგი პასუხი გასცა: „დაზარალებული რომ ნამდვილად დასწრებოდა სხდომებს და საკუთარი თვალით ენახა როგორ ჩვენებებს აძლევდნენ სასამართლოს მთავარი მოწმეები, ის არ იქნებოდა დარწმუნებული რომ ასლან ბეჟანიძე არის მკვლელი. დაზარალებული მხოლოდ რამდენიმე პროცესს დაესწრო. მთავარი მოწმეების დაკითხვას დაზარალებული არ დასწრებია“.

შეგახსენებთ, რომ 2004 წელს მოკლული დავით ოთხმეზურის საქმესთან დაკავშირებით გასამართლებული ასლან ბეჟანიძე საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა.  

მსგავსი თემები