“დღეს მე აქ ვსაუბრობ იმ ადამიანების გაჭირვებაზე, რომლებიც ადმინისტრაციულ საზღვართან ცხოვრობენ” – სალომე ზურაბიშვილი

“როგორც საქართველოს პრეზიდენტი, დღეს მე აქ ვსაუბრობ იმ ადამიანების გაჭირვებაზე, რომლებიც ადმინისტრაციულ საზღვართან ცხოვრობენ. ცხოვრობენ იმ ზოლზე, რომელიც ნათესავებს ერთმანეთს აშორებს და სოფლებს ხლეჩს, სადაც უბედური შემთხვევები და პროვოკაციები ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია, სადაც აქტიურად მიმდინარეობს საზღვრების გადაწევა, რაც შეუძლებელს ქმნის ნორმალურ მშვიდობიან ცხოვრებას”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ბევრჯერ დაუპყრიათ, მას დღეს ამაყად უკავია თავისი ადგილი ახალგაზრდა დემოკრატიული ქვეყნების რუკაზე.

„საუკუნეების განმავლობაში, საქართველოს არაერთი დამპყრობელი ახსოვს. თბილისი, საქართველოს დედაქალაქი თავისი არსებობის მანძილზე 26-ჯერ გადაუწვავს მტერს; მისი ტერიტორია ხშირად იყო დაპყრობილი, როგორც მოკლე, ისე ხანგრძლივი პერიოდების განმავლობაში; პერიოდულად რელიგია და თვით ქვეყნის იდენტობაც აქტიურად იდევნებოდა, მაგრამ იგი გადაურჩა ყველა განსაცდელს და დღეს ამაყად უკავია თავისი ადგილი ახალგაზრდა დემოკრატიული ქვეყნების რუკაზე.

სწორედ ჩვეული გაუტეხავი სულისკვეთება იყო ჩვენი რეაქცია 2008 წლის ომის ტრაგედიაზე, რასაც რუსეთის მიერ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია მოჰყვა”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში შექმნილ მდგომარეობაზეც ისაუბრა.

პრეზიდენტის თქმით, აფხაზური ენის, იდენტობისა და ტრადიციების დაკარგვა სამყაროსათვის აღუვსებელი დანაკლისი იქნება.

„მე ვსაუბრობ ჩვენი მოქალაქეების სახელით, რომლებიც აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ, სადაც მუდმივად ირღვევა ადამიანის უფლებები, იზღუდება გადაადგილების თავისუფლება, ჯანმრთელობისა და განათლების მომსახურების ხელმისაწვდომობა. ორივე რეგიონის საზღვრებზე განთავსებული გამშვები პუნქტები პერიოდულად იკეტება, რაც ადამიანების ტანჯავს.

ჩემი გამოსვლით მსურს გავაფრთხილო მსოფლიო, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში აფხაზური ენა (რომელიც აღიარებულია საქართველოს კონსტიტუციის მიერ) და აფხაზური იდენტობა განადგურების ზღვარზეა, აფხაზი ერის დემოგრაფიული მდგომარეობა კატასტროფულადაა შემცირებული. აფხაზური ენის, იდენტობისა და ტრადიციების დაკარგვა სამყაროსათვის აღუვსებელი დანაკლისი იქნება. ჩვენ ყველანი უნდა გავერთიანდეთ, რათა დავიცვათ და გადავარჩინოთ ეს მდიდარი კულტურული მრავალფეროვნება, რის გამოც არაბები   კავკასიას „ენათა მთად“ მოიხსენიებდნენ.

მე ვსაუბრობ იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სახელით, რომლებიც უკვე ათწლეულების მანძილზე ვერ უბრუნდებიან მამა-პაპისეულ სახლებსა და მიწა-წყალს.

ომის ტრაგედიაზე ჩვენი პასუხი მრავალ კომპონენტს ითვალისწინებს:

ჩვენი პასუხი ითვალისწინებდა ამ პერიოდის განმავლობაში მშვიდობის შენარჩუნებასა და განვითარების უზრუნველყოფას; ეს ყოველივე მიღწეული იყო იმის შედეგად, რომ ჩვენ ვასრულებთ გაცემულ პირობას და პატივს ვცემთ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს; შესაბამისად, საოკუპაციო ხაზის მახლობლად არანაირი სამხედრო ძალები არ გვყავს განთავსებული. აგრეთვე, საქართველომ ცალმხრივად თქვა უარი ძალის გამოყენებაზე.

ჩვენი პასუხი იყო გაწვდილი ხელი „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რაც საშუალებას აძლევს ოკუპირებული ტერიტორიების მოქალაქეებს, (იმ შემთხვევებში, როდესაც მათ ხელს არ უშლიან და არ უკრძალავენ) ხელი მიუწვდებოდეთ ჯანდაცვისა და განათლების სისტემების შეღავათებზე, ისარგებლონ ბიზნეს შესაძლებლობებითა და მონაწილეობა მიიღონ, თუნდაც არაპირდაპირ, (თუნდაც მინიმალური) საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში.

ჩვენი პასუხი ღიაობასა და ტოლერანტობას გულისხმობს. გასულ წელს ჩვენ 1 500 000 რუსი ტურისტი მივიღეთ და არც ერთი ინციდენტი არ დაფიქსირებულა. ჩვენი პასუხი ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების ჩვენს მიერ დასახულ გზაზე წინსვლას გულისხმობს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები