“ჩემთვის, როგორც მოსამართლისთვის, კონსტიტუცია მაღალი ღირებულებაა, ბიბლია – მორალი” – მერაბ გაბინაშვილი

“თქვენთვის, როგორც მოსამართლისთვის, რომელია პირველი წიგნი – კონსტიტუცია თუ ბიბლია?“, – ამ კითხვით მიმართა “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” ხელმძღვანელმა, გიორგი მშვენიერაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, მერაბ გაბინაშვილს.

გაბინაშვილმა კი უპასუხა, რომ მისთვის, როგორც მოსამართლისთვის, კონსტიტუცია მაღალი ღირებულებაა, ხოლო ბიბლია – მორალი.

„ჩემთვის, როგორც მოსამართლისა და საჯარო მოხელისთვის, კონსტიტუცია არის ძალიან მაღალი ღირებულება. ესაა ის მთლიანი ხერხემალი, რასაც ჩვენი სახელმწიფო ეყრდნობა თავისი სამართლებრივი განვითარების გზაზე. ვთვლი, რომ ეს მცნებები ერთმანეთს არ უნდა შევადაროთ.

დანარჩენი, მათ შორის ბიბლია, მე ვარ ქრისტიანი ადამიანი, არის ჩემი მორალი. მის ღირებულებებთან ვარ სრულ თანხვედრაში და ვცდილობ, ვიცხოვრო ისე, რომ ვიყო – კაცთმოყვარე, შემწყნარებელი და ბოროტების არ ჩამდენი, ეს მინიმუმ”, – განაცხადა მერაბ გაბინაშვილმა.

მსგავსი თემები