“მინდოდა იმ დევნილებს შევხვედროდი, სხვებზე მეტი პრობლემა რომ აწუხებთ” – ჯემალ გამახარია

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დელეგაცია  დაბა ჩაქვის ყოფილი საჯარო სკოლის შენობაში განსახლებულ აფხაზეთიდან დევნილებს ეწვია.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ჯემალ გამახარია დევნილებს საყოფაცხოვრებო პირობების პრობლემურ საკითხებზე შუამდგომლობასა და მოგვარებას დაპირდა.

„არსებული სიტუაცია კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს და მხოლოდ აფხაზეთის მთავრობის ძალებით მისი მოგვარება შეუძლებელია. გარკვეულ პრობლემათა აღმოფხვრა სცდება აფხაზეთის ხელისუფლების პრეროგატივას, ჩვენ რომ გვქონდეს შესაბამისი დაფინანსება. მერწმუნეთ,  დიდი ხნის წინ შევძლებდით ამ ხალხის მოვლა-პატრონობას”, – განაცხადა ჯემალ გამახარიამ.

გამახარიას განცხადებით, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს საბჭოებს შორის ახლახანს გაფორმებული მემორანდუმის  ცალკეული პუნქტები ბათუმსა და მთლიანად აჭარის რეგიონში განსახლებული დევნილების პრობლემების მიზანმიმართულ დარეგულირებას ისახავს მიზნად.  

„ჩემი თხოვნა იყო, რომ მოვსულიყავით ისეთ დასახლებულ პუნქტში, სადაც მეტი პრობლემაა. საყვედურსაც და გამოთქმულ პრეტენზიებსაც ყურადღებით ვღებულობთ. ცხადია, ამ მძიმე პრობლემის აღმოხვრა ფორსირებულად ვერ მოხდება, მაგრამ გპირდებით, რომ ეს საკითხი იქნება დასმული ძალიან მაღალ დონეზე, იქ, სადაც წყდება ასეთი მნიშვნელოვანი საკითხები.“ – მიმართა ჩაქვში შეკრებილ დევნილებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ. 

შესახვედრაზე ჩაქვში, ბათუმსა და ქობულეთში განსახლებული დევნილებიც ჩავიდნენ.

მსგავსი თემები