აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტის ინაუგურაცია 9 ოქტომბერს გაიმართება

ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას ინაუგურაცია 9 ოქტომბერს გაიმართება.

რუსული მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო ლიდერს, რაულ ხაჯიმბას დეფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

პუტინის განცხადებით, ის იმედოვნებს, რომ ხაჯიმბას “მოღვაწეობა პრეზიდენტის პოსტზე ისევ ხელს შეუწყობს რუსულ-აფხაზური ურთიერთობების გამტკიცებას, რომელიც მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპებზეა დაფუძნებული”.

“რუსეთი განაგრძობს აფხაზეთის დახმარებას სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში”, – ნათქვამია კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დეფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ოკუპირებულ რეგიონში 8 სექტემბერს ჩატარდა. არჩევნებში გამარჯვებულად ე.წ. ცესკომ რაულ ხაჯიმბა გამოაცხადა, თუმცა ოპოზიციის კანდიდატმა ალხას კვიცინიამ არჩევნების შედეგები გაასაჩივრა.

20 სექტემბერს აფხაზეთის ე.წ. უმაღლესმა სასამართლომ არჩევნების შედეგები ძალაში დატოვა.

მსგავსი თემები