მაღაზიის ქურდობის ბრალდებით, ორი არასრულწლოვანი დააკავეს

  •  

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, ორი არასრულწლოვანი – 2003 წელს დაბადებული გ.ჭ. და 2003 წელს დაბადებული თ.გ. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თბილისში, პეკინის გამზირზე მდებარე ტექნიკის მაღაზია „ზუმერში“ უკანონოდ შეაღწიეს, სადაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ მობილურ ტელეფონებს, სხვადასხვა სახის აქსესუარს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა დაკავებულების მიერ მოპარული და თბილისში მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სხვენში დამალული ტელეფონების ყუთები და მათში არსებული აქსესუარები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ასევე, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული ოთხიდან შვიდ  წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი თემები