ხვალ ჟიული შარტავას სახელობის ალპინიადა იწყება

ხვალ, 21 სექტემბერს საქართველოს პირველი ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას სახელობის მშვიდობისა და ერთიანობის საერთაშორისო ალპინიადა-2019 იწყება. ალპინისტები ყაზბეგის რაიონში, ხდის ხეობაში დაბანაკდებიან.

ჟიული შარტავას საზოგადოება-ეროვნული ერთიანობის ცენტრის თავმჯდომარის, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, ვახტანგ ყოლბაიას განმარტებით, ალპინიადის  ფარგლებში გაიმართება როგორც სპორტული, ასევე კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებები, რომელშიც მონაწილეობას ქართველ ცნობილ სახეებთან ერთად, სხვადასხვა  ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრებიც მიიღებენ.

სახელოვან ალპინისტთა ჯგუფი, რომელსაც საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის პრეზიდენტი, ცნობილი ალპინისტი,  ევერესტის მწვერვალის პირველი ქართველი დამპყრობი ავთანდილ ცინცაძე უხელმძღვანელებს, ყაზბეგის რაიონის ხდის ხეობიდან  „ყუროს ბანაკს“ ეწვევა, საიდანაც ჟიული შარტავას მწვერვალს დალაშქრავს და იქ მემორიალურ დაფას დაამონტაჟებს ეროვნული გმირის პორტრეტითა და მწვერვალის სიმაღლის ამსახველი მონაცემით.

ღონისძიებები 30 ოქტომბერს, ჟიული შარტავას სახელობის ახალი საფოსტო მარკის პრეზენტაციით დასრულდება საქართველოს პარლამენტის ჟიული შარტავას დარბაზში.

მსგავსი თემები