“არ მგონია, თქვენ ამ სფეროში ამდენი სალაპარაკო გქონდეთ” – ციხელაშვილი სამადაშვილს

“საქართველოს ხელისუფლება ოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებით ისეთ ნაბიჯებს დგამს, რომელიც აქამდე არ გადადგმულა, მათ შორის სამართლებრივი თვალსაზრისით”, – ასე უპასუხა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დეპუტატ სალომე სამადაშვილის კითხვას, რომელიც საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას შეეხებოდა, სანქციების დაბლოკვასთან დაკავშირებით.

აღნიშნულ კითხვაზე პასუხისას ციხელაშვილმა 2008 წლის კონფლიქტის დროს დაღუპულთა სტატისტიკა მოიყვანა და იმ ნაბიჯებზე ისაუბრა, რასაც მისი თქმით, ხელისუფლება აკეთებს.

„თქვენ თქვით, 43 ადამიანი დაიღუპა ბოლო 10 წლის განმავლობაში. ალბათ, გულისხმობდით 2008 წელს 412 ადამიანი რომ დაიღუპა და პლუს ოთხი ადამიანი კონფლიქტის დასრულების შემდეგ. ჯერ ერთი, ეს მსხვერპლი არის უბედურება და ახლა არ ვაპირებ ამ მონაცემებზე რამე ტიპის პოლიტიკურ განცხადებას. ეს ადამიანების ტკივილს უკავშირდება. თქვენ მკითხეთ, რა ფასს იხდის რუსეთი. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენი საკითხი მაქსიმალურად იყოს დღის წესრიგში, ისეთ ნაბიჯებს ვდგამთ, მათ შორის სამართლებრივი თვალსაზრისით, რომელიც არ გადადგმულა ადრე – სამართლებრივი ფასიც რომ გადაიხადოს საერთაშორისო სასამართლოებში, პოლიტიკური თვალსაზრისითაც, არაღიარების პოლიტიკის თვალსაზრისითაც, სამშვიდობო პოლიტიკის პროაქტიულობის თვალსაზრისითაც. ვუპირისპირდებით იმით, რომ არ ვართ მარტო რეაგირების რეჟიმში.

რა თქმა უნდა, რუსეთის ოკუპანტია, მაგრამ არსებობს პოლიტიკა, რომელიც ამ ინტერესების გატარებაში  ხელს უწყობს ან არ უწყობს, ეწინააღმდეგება მაინც. არ მგონია, ამ სფეროში თქვენ ამდენი სალაპარაკო გქონდეთ, ქალბატონო სალომე“, – მიმართა ციხელაშვილმა სამადაშვილს.

მსგავსი თემები