რა სიახლეები შევა “ბავშვის უფლებათა კოდექსში”, ცნობილია

საქართველოს პარლამენტმა, 85 ხმით, მესამე მოსმენით „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ მიიღო. 

როგორც საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ცნობილია რამდენიმე სიახლე, რომელიც კანონშია ასახული:

ბავშვები 18 წლამდე უფასო იურიდიული დახმარებით ისარგებლებენ, გარდა ამისა, კოდექსის მიხედვით, ყველა სახელმწიფო უწყება ვალდებული ხდება ბავშვებს დაახვედროს მეგობრული და ადაპტირებული გარემო, სადაც მათ მომსახურებას გაუწევენ ბავშვთა დაცვის სფეროში სპეციალიზებული საჯარო მოხელეები.

კოდექსის მიხედვით, ბავშვის ოჯახიდან განცალკევება მოხდება უკიდურეს შემთხვევაში და მის აუცილებლობას მხოლოდ მოსამართლე გადაწყვეტს.

ახალი კანონის მიხედვით, სახელმწიფო ვალდებული ხდება სოციალურად დაუცველი ოჯახი უზრუნველყოს მათზე მორგებული ფინანსური დახმარებით, გარდა ამისა, სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი შეისწავლიან მშობლების ფსიქიკურ და სოციალურ მდგომარეობას და დაეხმარებიან მათ საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართვაში, რაც მომავალში მშობლებს საშუალებას მისცემს დასაქმდნენ და თავად არჩინონ საკუთარი ოჯახი.

სახელმწიფო ასევე იზრუნებს ალტერნატიული ზრუნვიდან გამოსულ პირებზე, რომელთაც სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ, გარდამავალ პერიოდში მხარდაჭერა ესაჭიროებათ. ასევე შეიქმნება ბავშვთა მიმართ ძალადობის და ბავშვთა შორის ჩაგვრის (ე.წ. ბულინგის) პრევენციისა და რეაგირების სისტემა – ცხელი ხაზი და კოორდინატორი.

კოდექსზე მუშაობა 2017 წელს დაიწყო და მასში ჩართული იყვნენ, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები, სახელმწიფო უწყებები, სახალხო დამცველი, სასამართლო და დამოუკიდებელი ექსპერტები.

კოდექსი სრულად 2020 წლის 1 ივნისს ამოქმედდება.

მსგავსი თემები