„პარლამენტზე შტურმის აღკვეთას მოსახლეობა სწორად აფასებს“ – დიმიტრი ხუნდაძე

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებულ კვლევას საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე აფასებს და აცხადებს, რომ მოსახლეობა სწორ დასკვნებსა და შეფასებებს აკეთებს.

 „კვლევაშიც ჩანს, რომ 20-21 ივნისის ღამეს, პარლამენტის შენობაზე განხორციელებული შტურმის აღკვეთას მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სწორად აფასებს. კვლევის თანახმად, საზოგადოების 43% მომხდარ ძალადობაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს, რაც სწორი შეფასებაა,  რადგან,  საქართველოს პარლამენტში გავრილოვის სტუმრობა ხელისუფლების წარმომადგენლების უხეში შეცდომა იყო. ეს კი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მასთან ასოცირებულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა გამოიყენეს როგორც საბაბი. ამ საბაბით, აქციამ, დღის მეორე ნახევარში  ძალადობრივი ხასიათი მიიღო“, – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

დეპუტატის შეფასებით, გამოკითხულებმა, ხელისუფლებას უშუალოდ პარლამენტის სხდომათა დარბაზში განვითარებული პროცესები დაუწუნეს.    

„ცხადია, რომ პარლამენტის შენობაზე განხორციელებული შტურმი  სამართალდამცველებმა აღკვეთეს.  ამ პროცესს, კვლევაში მონაწილე ადამიანები  ადეკვატურად აფასებენ. მაშინ მოქმედ შინაგან საქმეთა  მინისტრ გიორგი გახარიას გამოკითხული საზოგადოების მხოლოდ 9% აკისრებს პასუხისმგებლობას. უწყებას და პოლიციას კი 1-1%. ეს კი იმას  ნიშნავს, რომ საზოგადოება  ხელისუფლებას სწორედ დღის პირველ ნახევარში, პარლამენტში, გავრილოვთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები დაუწუნა, ხოლო დღის მეორე ნახევარში, მას შემდეგ, რაც აქციამ ძალადობრივი ხასიათი მიიღო, მისი ქმედება ადეკვატურად ჩათვალა“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მსგავსი თემები