ომბუდსმენი, მაჩალიკაშვილის საქმეზე, გენერალური პროკურორის პარლამენტში დაბარებას ითხოვს

„მთელი წლის განმავლობაში ვცდილობდით პროკურატურისგან მიგვეღო ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით, თუმცა, პროკურატურიდან მიღებული პასუხები იყო მშრალი, ზედაპირული და არაინფორმატიული“, –  აღნიშნული განცხადება, საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით გააკეთა. 

ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, რომ აუცილებელია, პარლამენტმა გენერალური პროკურორი დაიბაროს, რათა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებულ ყველა კითხვას პასუხი გასცეს. მისი თქმით, საქართველოს პარლამენტმა ყველა შესაძლო ბერკეტი უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ დაადგინოს თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების გარემოებები.

„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება გამოიყენოთ ის უფლება, რაც გაქვთ პროკურატურასთან მიმართებით. კერძოდ, წლიური ანგარიშის განხილვის მოსმენა. უნდა მოითხოვოთ გენერალური პროკურორისგან, რომ წარმოადგინოს ანგარიში და ამ ჭრილში გექნებათ შესაძლებლობა განიხილოთ იმ საქმეების გამოძიებაც, სადაც ჩანს სისტემური პრობლემები პროკურატურაში“, – განაცხადა ლომჯარიამ.

სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა იმას, რომ პროკურატურამ გაზაფხულზე განაცხადა 2-თვეში საქმის დასრულების შესახებ, თუმცა, საქმე გამოძიებული ამ დრომდე არ არის.

მსგავსი თემები