სექტემბრის თვეში მოსული ხშირი წვიმის გამო, ყურძნის მოსავლის მნიშვნელოვანი რაოდენობა დასაბინავებელია

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილის განცხადებით, 2019 წლის რთველი აქტიურ ფაზაში შედის, თუმცა, სექტემბრის თვეში მოსული ხშირი წვიმის გამო, მოსავლის მნიშვნელოვანი რაოდენობა ჯერ კიდევ დასაბინავებელია. 

„ჩვენ შევძლებთ ერთად დავძლიოთ ის გამოწვევები, რომლებიც, სამწუხაროდ, ამინდმა შეგვიქმნა. ღვინის მწარმოებლებს შევხვდით იმისთვის, რომ კომპანიები მეტად აქტიურად ჩაერთონ რთველის პროცესში. კერძო სექტორმა უნდა აიღოს თავისი პასუხისმგებლობა, რათა ბოლო წლების მსგავსად, რთველის პროცესი წარიმართოს ორგანიზებულად და  წარმატებულად“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

დღეის მდგომარეობით, კახეთში ინდუსტრიულად გადამუშავებულია 80 ათასამდე ტონა ყურძენი. წელს რეგიონში 200-250 ათას ტონა ყურძნის მოსავალს ელოდებიან. რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 270-მდე ღვინის კომპანია, მათგან 140-მდე მწარმოებელი უკვე ჩართულია რთველის პროცესში.  

სახელმწიფო უწყებებს, მეწარმეებსა და მევენახეებს შორის აქტიური კომუნიკაციის მიზნით, რთველის საკოორდინაციო შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე – 1501.

მსგავსი თემები