პროექტ “ნიჭიერის” მონაწილე, თბილისის “ნიჭიერთა ათწლედის” ორკესტრი ხაშურს ეწვია (ვიდეო)

თბილისის, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა “ნიჭიერთა ათწლედის” მოსწავლეთა ორკესტრი დღეს, 30 მაისს, ხაშურს ეწვია, სადაც თანატოლებთან ერთად კლასიკური მუსიკის საღამო გამართეს.

საღამოს ქალაქის მუსიკალური სკოლის საკონცერტო დარბაზმა უმასპინძლა. ხაშურის სამუსიკო სკოლის საორკესტრო განყოფილების მოსწავლეებმა, თბილისის “ნიჭიერთა ათწლედის” ორკესტრის თანხლებით, მსოფლიო კლასიკოსების ცნობილი ნაწარმოებების სოლო პარტიები შეასრულეს.

შესრულდა იოჰან სებასტიან ბახის „სუიტა“, “არია“, ბაკლანოვას „ფერხული“, ლიტვინოვის „მუდმივი მოძრაობა“, ხაჩატურიანის „ანდანტინო“, მილერის „სერენადა“ და სხვა.
საკუთარი რეპერტუარი წარმოადგინეს “ნიჭიერთა ათწლედის” მოსწავლეთა ორკესტრმა და ათწლედის კვარტეტმა, რომლებმაც დარბაზის მქუხარე აპლოდისმენტები დაიმსახურეს.
შესრულდა გია ყანჩელის „ყვითელი ფოთლები“, „როცა აყვავდა ნუში“, „შერეკილები“. სულხან ცინცაძის „მინიატურები“, „ლალე“ და სხვა.

კონცერტზე მიწვეულნი იყვნენ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გურასპაშვილი, მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის უფროსი კონსტანტინე ფრუიძე, რომელთა მხარდაჭერითაც შედგა საღამო.

როგორც მედიაცენტრ “მთავარს” საღამოს ორგანიზატორმა, ხაშურის სამუსიკო სკოლის პედაგოგმა ფატი სალაყაშვილმა განუცხადა, თბილისის “ნიჭიერთა ათწლედის” მოსწავლეებთან ერთობლივი კონცერტის გამართვის იდეა რამდენიმე თვის გაჩნდა. მანძილის მიუხედავად ნორჩმა მუსიკოსებმა რამდენიმე რეპეტიციის გავლა და რეპერტუარის შეჯერება მოახერხეს.

“მშობლების დახმარებით ჩავედით თბილისში და გავიარეთ რეპეტიცია. რა თქმა უნდა კიდევ უფრო უკეთესად შეიძლებოდა ამ კონცერტის ორგანიზება, მაგრამ ეს პირველი ნაბიჯებია და განვითარების იმედი გვაქვს. თანაც  რაიონის ბავშვები არ არიან განებივრებულები ორკესტრთან დაკვრით, ეს საღამო კი მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რითაც კმაყოფილი ვარ”, – აცხადებს ფატი სალაყაშვილი.

იგი მევიოლინეა. მუსიკალური შვიდწლედი ხაშურში დაამთავრა, რის შემდეგაც, 4 წლის განმავლობაში ცხინვალის სამუსიკო ტექნიკურ სასწავლებელში სწავლობდა. 1991 წლიდან მუშობს ხაშურის მუსიკალურ სკოლაში.

“თავდაპირველად არ იყო კლასიკური ინსტრუმენტების შესწავლის მხრივ დიდი მოთხოვნილება ხაშურში. ცოტა სასწავლო პროგრამაც შევცვალეთ, ქართველი კომპოზიტორების მეტი ნაწარმოებები შევიტანეთ რეპერტუარში,  რამაც დიდი გავლენა იქონია ბავშვებზე. ახლა ძალიან დიდია ადგილობრივ ბავშვებში კლასიკური მუსიკისადმი ინტერესი. კონცერტზე მონაწილე ბავშვები მეოთხედი იყო იმისა, რაც ამ დროისთვის სკოლას ჰყავს”, – აცხადებს ფარი სალაყაშვილი.


თბილისის “ნიჭიერთა ათწლედის” მოსწავლეთა ორკესტრი ფართო საზოგადოებამ სატელევიზიო პროექტ “ნიჭიერში” გამოსვლის შემდეგ გაიცნო, თუმცა ორკესტრი აღნიშნულ პროექტამდე ბევრად ადრე, 12 წელია არსებობს. ორკესტრის ხელმძღვანელია ირინე ოდიშარია, საბავშვო ორკესტრს დირიჟორობდა იმავე სკოლის მოსწავლე, მარიამ შაშიაშვილი.

​როგორც “მთავარს” ირინე ოდიშარიამ განუცხადა, საქართველოს რეგიონებში მსგავსი კონცერტები დიდი ხანია არ იმართება. კარგი იქნება, თუ აღდგება კლასიკური მუსიკის მოსმენის კულტურა, განსაკუთრებით კი ბავშვები ეზიარებიან ხელოვნების ამ სფეროს.

​ირინე ოდიშარიას აზრით, მსგავსი პროექტები მომავალშიც უნდა განხორციელდეს, ამისთვის კი მნიშვნელოვანია სახელმწიფო სტრუქტურების, განათლებისა და კულტურის სამინისტროების მხარდაჭერა.

“კარგია, როდესაც ორი მუსიკალური სკოლა ურთიერთობს. რეგიონების ბავშვები არ არიან ასეთი კონცერტებით განებივრებულები, ბავშვები სულ სხვანაირად უსმენენ თანატოლებს, ჩვენი რეპერტუარიც ბავშვებისთვის არის განკუთვნილი, არის ლაკონური, მოკლე და სასიამოვნო მოსასმენი. პოპულარობას ვუწევთ კლასიკურ მუსიკასაც და ქართულ კულტურასაც. შესაბამისი სამინისტროები თუ დაგვეხმარებიან, გვსურს, ჩავიყვანოთ ეს ბავშვები რეგიონებში. გარკვეული პერიოდის განმავლობაში გვეხმარებოდა პარლამენტის ყოფილი წევრი არჩილ გეგენავა, რომელიც გვაძლევდა თანხას და ჩავდიოდით ისეთ რაიონებში, სადაც იყვნენ მზრუნველობა მოკლებული ბავშვები და ჩვენი კონცერტებით თბილ საღამოებს ვმართავდით”, – აცხადებს ირინე ოდიშარია.

აღსანიშნავია, რომ ხაშურის სამუსიკო სკოლაში გამართულ კონცერტზე დასწრება თავისუფალი იყო და ნებისმიერ მსურველს შეეძლო პატარა მუსიკოსების შემოქმედების მოსმენა.

მოისმინეთ და ისიამოვნეთ.

Posted by Shorena Papashvili on ოთხშაბათი, 30 მაისი, 2018

 

მსგავსი თემები