საქმის შეწყვეტა ან 500 000 ლარის გირაო – სასამართლო ირაკლი ოქრუაშვილის საქმეს განიხილავს

თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-21 ივნისს მოვლენებთან დაკავშირებით, დაკავებულ ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე, წინასასამართლო სხდომა გაიმართება. მოსამართლე მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხზე იმსჯელებს.

დღევანდელ პროცესზე ოქრუაშვილის ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილი აპირებს, დააყენოს შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ. მისი თქმით, პროკურატურის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები წარდგენილი ბრალის შესაბამისი არ არის.

„რაც ბრალდებამ წარმოადგინა მტკიცებულებების სახით, მოწმეების ჩვენებები და ვიდეომასალა, არ გვაძლევს დანაშაულის შემადგენლობას, რა ბრალდებაც აქვს მას წარდგენილი. მაქსიმუმ შეიძლება, ამ შემთხვევაში ვინმემ ისაუბროს რაღაც ადმინისტრაციულ გადაცდომაზე. ამიტომ ჩვენ ვიშუამდგომლებთ, რომ სასამართლომ წინასასამართლო სხდომაზე შეწყვიტოს საქმის წარმოება და არსებით განხილვას არ გადასცეს”, – განაცხადა ადვოკატმა.

იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლე ამ შუამდგომლობას არ დააკმაყოფილებს, ადვოკატი აღკვეთის ღონისძიების შეცვლას მოითხოვს და სასამართლოს გირაოს სახით 500 000 ლარს შესთავაზებს.



მსგავსი თემები