ადვოკატის მტკიცებით, ნინო გვენეტაძემ, ბეჟანიძეს განაჩენი პროკურატურის ზეწოლით გამოუტანა – შეწყალების საქმე

დავით ოთხმეზურის მკვლელობაში ბრალდებული ასლან ბეჟანიძის ადვოკატი აცხადებს, რომ პროკურატურა, მაშინდელ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეზე ზეგავლენას ახდენდა. სწორედ ამით ხსნის ირაკლი ჩომახაშვილი ასლან ბეჟანიძის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს.

როგორც ადვოკატმა “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა, ნინო გვენეტაძე თავის არჩევანში თავისუფალი არ იყო. ამასთან, მისი თქმით, ის ოთხმეზურის მკვლელობის საქმეს არ იცნობდა.

“მაშინ, უზენაეს სასამართლოში იყო ქ-ნი ნინო გვენეტაძე, რომელზეც ხდებოდა გარკვეული ზეგავლენა საქართველოს პროკურატურისა და ხელისუფლების მხრიდან. ანუ, ხდებოდა უზენაესი სასამართლოს ცენტრალიზება. ვისაც „ეს“ სისხლის სამართლის საქმე ეწერა, არის გიორგი შავლიაშვილი, რომელმაც განსხვავებული დასკვნა დაწერა, რომ ასლან ბეჟანიძე არ არის დამნაშავე. პაატა სილაგაძემ და ნინო გვენეტაძემ, რომლებმაც საერთოდ არ იცოდნენ „ეს“ სისხლის სამართლის საქმე, სასამართლოზე არაადეკვატურ შეკითხვებს სვამდნენ”, – აცხადებს ბეჟანიძის ადვოკატი.

„მედიაცენტრი მთავარის“ კითხვას, რა ინტერესი შეიძლებოდა ჰქონოდა უზენაეს სასამართლოს ასლან ბეჟანიძის მიმართ, ადვოკატი პასუხობს:

“ის, რომ ნინო გვენეტაძეზე ხორციელდებოდა გარკვეული ზეგავლენა საქართველოს პროკურატურისა და ხელისუფლების მხრიდან, დაცვის მხარის მოსაზრებაა, რომელიც იმ შეკითხვებს, გარემოებებსა და განაჩენს ეყრდნობა, რომელიც უზენაეს სასამართლოში დაიწერა. განაჩენში წერია ტყუილები და მაშინდელ სასამართლო რეჟიმისას მსგავსი გადაწყვეტილების გამოტანა სხვა არაფერია, თუ არა, პროკურატურის მხრიდან ზეწოლა“.

შეგახსენებთ, რომ დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული პირი საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. ამ ფაქტის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა პატიმართა შეწყალებებზე მორატორიუმი გამოაცხადა. დაცვის მხარე კი აცხადებს, რომ ბეჟანიძეს ოთხმეზური არ მოუკლავს და პრეზიდენტმა შეწყალების აქტით სამართლიანობა აღადგინა.

მსგავსი თემები