“ოთხმეზური და ბეჟანიძე ერთმანეთს არ იცნობდნენ” – ბეჟანიძის ადვოკატი

მოკლული დავით ოთხმეზური და მის მკვლელობაში ბრალდებული, ასლან ბეჟანიძე ერთმანეთს არ იცნობდნენ. ამის შესახებ ბეჟანიძის ადვოკატმა “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა.

ირაკლი ჩომახაშვილის განმარტებით, ბეჟანიძე და ოთხმეზური სრულიად განსხვავებულ წრეში იყვნენ, განსხვავებულ სამეგობროში მოქმედებდნენ და მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულის ადგილას საერთოდ არ იმყოფებოდა.

ამასთან, ბეჟანიძის ადვოკატმა “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით ასლან ბეჟანიშვილისთვის შეფარდებული 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, 6 წლამდე და 8 თვემდე შეუმცირდა. ადვოკატის თქმით, საბოლოო ჯამში, მას, დაახლოებით, 4 წელი ჰქონდა დარჩენილი.

კითხვაზე, სად იმყოფებოდა ასლან ბეჟანიძე მაშინ, როდესაც, ადვოკატის თქმით, ის არ იძებნებოდა, ირაკლი ჩომახაშვილი პასუხობს, რომ საქართველოში.

„შეგიძლიათ, საზღვრის კვეთები გადაამოწმოთ. ის საქართველოში იმყოფებოდა, ახლაც აქ არის და არ აპირებს დამალვას. მას აქვს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და პროცესებს ვერ დაესწრო. დაგიდასტურებთ, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, ორი დღის შემდეგ, საკუთარი ხელით ჩავაბარე პოლიციას, იმიტომ, რომ არავისგან მიმალვას ვაპირებდით არც მაშინ და არც ახლა. თუ მას გაქცევა სურდა საქართველოდან, ის მაშინ გაიქცეოდა, როდესაც ინფორმაცია გვქონდა, რომ უზენაესი სასამართლო აპირებდა მის გამტყუნებას”, – განაცხადა ბეჟანიძის ადვოკატმა “მედიაცენტრ მთავარში”.

მსგავსი თემები