“მე მივიღე გადაწყვეტილება, მე ვარ პასუხისმგებელი” – პრეზიდენტი ასლან ბეჟანიძის შეწყალებაზე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ შეწყალების პროცესში შეცდომა იყო დაშვებული.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, შეწყალება არ არის ვინმეს გამართლება, არც რომელიმე სასამართლოს რევიზია, ეს არის პრეზიდენტის სუბიექტური და პერსონალური გადაწყვეტილება.

“მესმის საზოგადოების წუხილი და ეს ჩემი წუხილიც არის, როცა საზოგადოება შფოთავს რომელიმე ჩემს გადაწყვეტილებაზე. შეწყალება არაა ის, რაც ზოგს ჰგონია, ეს არაა ვინმეს გამართლება, ან რევიზია რომელიმე სასამართლოსი. ეს არის პრეზიდენტის სუბიექტური და პერსონალური გადაწყვეტილება მისი პასუხისმგებლობის ქვეშ. ეს არის შეფასება გარემოებების და მოცემულობისა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მისი საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია არანაირად არ იყო ჩართული შეწყალების პროცესში.

„მინდა ვთქვა, რომ ძალიან ბევრი სპეკულაცია იყო სხვადასხვა ადამიანის ჩარევაზე შეწყალების გადაწყვეტილებებში. მათ შორის ჩემს საპარლამენტო მდივანზე, რომელიც არც კომპეტენციით და არც არანაირად, არ იყო ამ პროცესში ჩართული. მისგან არ მიმიღია რჩევა. არაა მისი კომპეტენცია და არ შეიძლება, რომ გარეული იყოს, მით უმეტეს, როცა ეს ეხება ყოფილ ადვოკატს. ასე რომ, ეს გამორიცხულია და მასზე, თუ ვინმე სხვაზე ჩემს ადმინისტრაციაში სპეკულაციები უთუოდ უნდა დამთავრდეს, რამეთუ მე მივიღე გადაწყვეტილება, მე ვარ პასუხისმგებელი და არ მჩვევია, ვინმე სხვაზე გადავიტანო ეს პასუხისმგებლობა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები