“კანონი ფუნქცია დაკარგულია თუ აღსრულება არ ხდება” – ეკა ლალიაშვილი ჰაერის დაბინძურებაზე

“საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარის განცხადებით, გაუმართავი ავტომობილის გამო, საიდანაც შავი ბოლი გამოდის, წელს მხოლოდ ერთი პირია დაჯარიმებული, რაც აღსრულების მექანიზმის ხარვეზზე მიუთითებს.

როგორც ეკა ლალიაშილმა „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, აღსრულება რომ ადეკვატური იყოს, ამდენი დახარვეზებული მანქანა ქალაქში ვერ ივლიდა.

“იმედგაცურება შეინიშნება მოსახლეობაში, რადგან, ბევრი სატრანსპორტო საშუალებაა, რომელიც გადაადგილდება და გამონაბოლქვით აბინძურებს ჰაერს, თუმცა შსს-ს ამაზე რეაგირება არ აქვს. ეს ყურადსაღები უნდა იყოს ხელისუფლებისთვის, რადგან, როდესაც ტრანსპორტს აქვს მუქი ფერის გამონაბოლქვი ის უნდა ჯარიმდებოდეს. მიმდინარე წელს, მხოლოდ ერთი პირია დაჯარიმებული ამ დარღვევით, რაც გარკვეულ ჩავარდნაზე მიუთითებს აღსრულების ნაწილში“ – განუცხადა ლალიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარს“.

მისივე ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, ქალაქში 82 000-მდე ავტომანქანა მოძრაობს, რომელმაც ტექ-ინსპექტირება ვერ გაიარა.

„ქუჩაში გამონაბოლქვის კონტროლი მნიშვნელოვანი საკითხია, თუ გვინდა, რომ რეფორმა იყოს გამართული და ხალხის თვალში ის დისკრედიტირებული არ იყოს. ყვითელ ავტობუსებზე ვსაუბრობთ თუ კერძო ავტომობილებზე, კანონი ყველასთვის საერთოა. პოლიცია უნდა იყოს უფრო აქტიური. დროულად უნდა გადადგას შსს-მ ამ მიმართულებით ნაბიჯი, რადგან, კანონი ფუნქცია დაკარგულია თუ აღსრულება არ ხდება,” – განაცხადა ეკა ლალიაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები