„არ მინდა ჩემი ქვეყანა იმ ბნელ წარსულს დაუბრუნეს. არადა, ამის მცდელობას ვხედავ“ – ინა ასანიძე

დიასპორული ორგანიზაციის დამფუძნებელი, ტრაგიკული ოჯახის წარმომადგენელი ინა ასანიძე პარლამენტის წინ მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, „მედიაცენტრ მთავართან“ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ რაც დღეს ხდება, მგლოვიარე მამის მდგომარეობას აცდენილია.

„ტრაგიკულ ოჯახს წარმოვადგენ. არაერთი ტრაგედია მაქვს გადატანილი. მომიკლეს მეუღლე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მომიკლეს 30 წლის ძმა და მიყვნენ მშობლები, ნერვიულობას გადაყვნენ.  40 დღის თავზე გარდამეცვალა დედა, რომელიც ღამის 3 საათზე სასაფლაოზე გაიპარა და გაყინვის შედეგად დაიღუპა. უდიდესი ტრაგედია გადავიტანე, მაგრამ ქუჩაში არ გამოვსულვარ და პოლიტიკური განცხადებები არ გამიკეთებია. საიდან ან რატომ შეიკრიბნენ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები შვილმოკლული მამის ირგვლივ. საფუძველს ვხედავ ვიფიქრო, მათ სულ სხვა ინტერესები აქვთ“

ყოფილი ემიგრანტი ზაზა სარალიძეს სიტყვებსაც იხსენებს, რომელიც მან მოკლული დადუნაშვილის სამძიმარზე თქვა: „დადუნაშვილებთან სამძიმარზე რომ ვიყავი, კარგად მახსოვს ზაზა სარალიძეს სიტყვები, რომელიც მან დათუნას უთხრა: მადლობა ღმერთს, ჩვენ არ ვართ მკვლელების მამები, ჩვენ ვართ მოკლულის მამებიო, ამ სიტყვებს დღევანდელ მოვლენებთან ვერანაირად ვაკავშირებ. დიდი პატივისცემა მქონდა მის მიმართ. რასაც დღეს ვხედავ, აცდენილია მგლოვიარე მამის მდგომარეობას. ვუსამძიმრებ და მესმის მისი ტკივილი, მაგრამ, როცა მთელი უწყებები გვერდში უდგანან და მკვლელების დასჯის პირობას იძლევიან, იქ იდგე, იმ ადამიანების გვერდით გაუგებარია.”

ასანიძის თქმით, პროცესები ქვეყნის წარსულში დაბრუნების მცდელობისკენ მიდის და შვილმკვდარ მამას მიმართავს.

„როცა მოკლეს გირგვლიანი, რობაქიძე და სხვები, სად იყვნენ ეს ადამიანები, ვინც დღეს აქციაზე არიან, სად იყვნენ ეს პოლიტიკოსები, იმ რეჟიმის წარმომადგენლები ხომ არ იყვნენ?! შეუძლებელია შედეგი არ დადგეს. ვთხოვ და მივმართავ შვილმოკლულ მამას ითანამშრომლოს სახელმწიფო უწყებებთან და ჩაერთოს გამოძიების პროცესებში. თუ შედეგი არ დადგა, რასაც გამოვრიცხავ, ყველა მის გვერდით ვიქნებით. მაგრამ, არ მინდა ჩემი ქვეყანა იმ ბნელ წარსულს დაუბრუნეს. არადა, ამის მცდელობას ვხედავ“ – განაცხადა ინა ასანიძემ „მთავართან“ საუბრისას.

 

მსგავსი თემები