“ხელისუფლებას არ სჭირდება კარნახი, როგორ და რა გზით უზრუნველყოს ეროვნული ინტერესების დაცვა”- გია ვოლსკი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებით, საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას არ სჭირდება კარნახი, როგორ და რა გზით უზრუნველყოს ეროვნული ინტერესების დაცვა.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გია ვოლსკიმ „ევროპული საქართველოს“ დადგენილების პროექტზე ისაუბრა, რომელიც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალიზაციას ეხება.

დეპუტატის განცხადებით, შვიდი წელია, „ქართული ოცნება“ წინა ხელისუფლების მავნე პოლიტიკით გამოწვეული კატასტროფული შედეგების ლიკვიდაციით არის დაკავებული. ვოლსკის თქმით, პარლამენტი „ევროპული საქართველოს“ მავნე ინიციატივას მხარს არ დაუჭერს.

„ერთ დროს, „ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა განშტოების მხრიდან, იგულისხმება „ევროპული საქართველო“, დღემდე არ წყდება ქვეყნისა და ხალხისთვის ზიანის მომტანი, უკიდურესად სარისკო აქტივობების ინიცირება. მათი მიზანია, დანაშაულებრივი შეცდომები გადაფარონ, ხოლო ოკუპაციის ფასი გადაიხადოს არა რუსეთმა, არამედ ქართველმა ხალხმა, საქართველომ. ხელისუფლებაში ყოფნის დროს მათ არაერთხელ მოახერხეს და ქვეყანას დაატეხეს ჯერ ეკონომიკური სანქციები, შემდეგ კი, საქართველოში რუსეთის ჯარს შემოუძღვნენ. არ შეიძლება, სხვა ახსნა ჰქონდეს იმ ინიციატივას, რომელიც ფორმით თითქოს რუსეთისთვის პრობლემების შექმნას გულისხმობს, რეალურად, რუსეთის მხრიდან საქართველოსთვის მძიმე ეკონომიკური სანქციების გარანტირებულად დაწესებისთვის არის გამიზნული. შეუძლებელია, ეს არ ესმოდეთ ინიციატორებს, რადგან ესმით, ე.ი. ამ შედეგების გამოწვევა სურთ. საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას არ სჭირდება კარნახი, როგორ და რა გზით უზრუნველყოს ეროვნული ინტერესების დაცვა. შესაბამისად, „ევროპული საქართველოს“ მავნე ინიციატივას პარლამენტი მხარს არ დაუჭერს – საქართველოსა და ქართველი ხალხის, განსაკუთრებით, ქვეყნის გარეთ მცხოვრები ასობით ათასი თანამოქალაქის დასჯის შესახებ“, – დასძინა ვოლსკიმ.

მსგავსი თემები