“ზაზა შენს გვერდში ვარ, მთავრობა ჩვენს გვერდშია, გამოიძიონ, მივცეთ შანსი” – ლევან დადუნაშვილის მამა (ვიდეო)

თბილისში, ხორავას ქუჩაზე, დავით სალარიძესთან ერთად მოკლული, ლევან დადუნაშვილის მამა, 2017 წლის პირველი დეკემბერის მომხდარი მკვლელობის მოწმე მოზარდების მშობლებს მოუწოდებს, აიძულონ თავიანთი შვილები გამოძიებასთან ითანამშრომლონ, რათა დადგეს სამართლიანი შედეგი.

ლევან დადუნაშვილის მამამ, ზაზა სარალიძის აქციაზე სიტყვით გამოვიდა და მოუწოდა მას, დაელოდოს გამოძიების დასრულებას. მიუხედავად იმისა, რომ სამართლით არც თავად არის კმაყოფილი, მიაჩნია, რომ ეს აქცია არ უნდა გახდეს ქვეყანაში რევოლუციის მიზეზი.

“ჩემო ზაზა, ჩვენი ტკივილი, საქართველოს ტკივილია და ამით ამაყი მამები ვართ, მაგრამ გამოძიება რომ დასრულდეს, მოგიწოდებთ ხალხს, ვინც სხედხართ ტელევიზორებთან და თქვენს შვილებს ხელს აფარებთ. გამოდით ყველა. ვაიძულოთ იმ გათითოკაცებულ ხალხს, რომლებსაც არ გამოჰყავთ თავიანთი შვილები, მისცენ ჩვენება, რომ სწორი გამოძიება, სრული გამოძიება წარიმართოს. ზაზა შენს გვერდში ვარ, მთავრობა ჩვენ გვერდშია, დავდგეთ ერთად და გამოიძიონ ჩემო ძმაო, მივცეთ შანსი, სადაც გინდა, პრეზიდენტთან გინდა  შევიდეთ, პარლამენტის თავმჯდომარესთან, თუ პრემიერთან შევიდეთ. მე ამ ქვეყანაში, ამ კანონებით ვცხოვრობ. რევოლუცია მე არ მაწყობს, მე მინდა ჩემი შვილის მკვლელი ბოლომდე დაისაჯოს. სამართლით არც მე ვარ კმაყოფილი, მაგრამ დღეს გამოსავალი არის ეს. ჯერ კიდევ არის ინსტანციები, სადაც ეს საკითხები ბოლომდე უნდა გაიშიფროს, თუ კი კითხვები დარჩება ამის შემდეგ, მე შენ გვერდში ვიქნები, მე შენ გვერდში ვარ ყოველთვის”, – განაცხადა ლევან დადუნაშვილის მამამ.

​მის სიტყვებს აქციის მონაწილეებმა პროტესტის ყვირილით უპასუხეს, – ახალი მთავრობა გამოიძიებს! – იყო შეძახილები.

მაშინ მოკლული შვლის მამამ განაცხადა, რომ ის ამ აქციაზე აღარ გამოვა და ტყუილში ამხილა აქციის ერთ-ერთი გამომსვლელი, რომელმაც საზოგადოებას თავი ლევან დადუნაშვილის ნათლიად გააცნო.

​მე აქ აღარ გამოვალ, მაგრამ ის რაც მოხდა ჩემთვის არ არის მისაღები. აქ გამოვიდა კაცი, რომელიც ჩემ შვილს არც კი იცნობდა და ამბობს, ვითომ მისი ნათლიაა”, – განაცხადა მოკლული მოზარდის მამამ.

გამოსვლის დასასრულს მან საქართველოს ოჯახებს შემდეგი სიტყვებით მიმართა: – “ჩემი ლევანი ამბობდა, მთელმა საქართველომ მინდა გამიცნოსო, მგონი გაიცნეს”.

მსგავსი თემები