სუროგაციით დაბადებული ბავშვების მშობლები დაბადების მოწმობების გაცემას ითხოვენ

სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვების მშობლებმა, პროტესტის ნიშნად, ღამე იუსტიციის სახლში გაატარეს. დაბადების მოწმობების გარეშე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებმაც სუროგაციით საქართველოში ისარგებლეს, შვილების სამშობლოში წაყვანას ვერ ახერხებენ.

სუროგაციის გზით დაბადებული რამდენიმე ბავშვის მშობელს მეორე თვეა, შვილის დაბადების მოწმობის მიღებაზე უარს ეუბნებიან. მათ შორისაა წყვილი აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან, პოლონეთიდან, შვედეთიდან.

ზოგიერთი წყვილი იუსტიციის სახლში, დაბადების მოწმობის მიღების მოთხოვნით, ყოველდღე დადიოდა.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს განმარტებით, სუროგაციის ხელშეკრულება კვერცხუჯრედის განაყოფიერებამდე, ანუ ემბრიონის მიღებამდე უნდა გაფორმდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში სახელმწიფო ბავშვის დაბადების მოწმობაში მშობლების მონაცემებს არ ჩაწერს. ასეთ დროს მშობლებს ბავშვის ქვეყნიდან გაყვანის უფლება არ აქვთ.

ამასთან, სუროგაციის ცენტრ New Life-ის ხელმძღვანელი, მარიამ კუკუნაშვილი სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვებისთვის დაბადების მოწმობის გაცემის მოთხოვნით იუსტიციის სახლში აქციას ორშაბათს, 16 სექტემბერს განაახლებს.

მსგავსი თემები