თბილისში დასუფთავების მასშტაბური სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

დედაქალაქში დასუფთავების მასშტაბური სამუშაოები, ე.წ. შაბათობები გრძელდება, რომლის ფარგლებში, სამგორის რაიონში დასუფთავდება და
მოირეცხება ვარკეთილის ზემო პლატოს ცენტრალური გზები, მიმდებარე ფერდობები, აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებული ნაგავშემკრები
კონტეინერები და ასევე, გაიწმინდება სანიაღვრე ქსელი. ინფორმაციას დედაქალაქის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე, „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი ლევან ჯღარკავა, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე და სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, რევაზ სოხაძე გაეცნენ.

მერის მოადგილის თქმით, მსგავსი ტიპის სამუშაოები მუნიციპალიტეტის
მასშტაბით მომავალშიც განხორციელდება.

„ადგილობრივი მაჟორიტარის და მერიის ინიციატივით, ტარდება დასუფთავების მასშტაბური აქცია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ უბანს თანაბრად მიექცეს ყურადღება. მუნიციპალიტეტის მხრიდან მსგავსი აქციები კვლავ გაგრძელდება და ვფიქრობთ, ეს მაგალითია მოსახლეობისთვის, რომ ერთად ვიზრუნოთ ჩვენს საცხოვრებელ გარემოზე“, – აღნიშნა მაია ბითაძემ.

„თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის განცხადებით კი, მთელი დღის
განმავლობაში, შესაბამისი ტექნიკა იქნება მობილიზებული, რომ დასუფთავების და მორეცხვის სამუშაოები განხორციელდეს.

„ვარკეთილის ზემო პლატოს მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები მოიცავს დასუფთავებას, როგორც შიდა კვარტალური გზების, ასევე არსებული პარკებისა და სკვერის. ჩატარდება მორეცხვის სამუშაოები, გაიწმინდება სანიაღვრე ჭები. მთელი დღის განმავლობაში, ჩვენი პირადი შემადგენლობა იქნება მობილიზებული შესაბამისი სპეციალური ტექნიკით“, – აღნიშნა ლევან ჯღარკავამ.

თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, აქციაში ჩართულია „თბილსერვის ჯგუფის“ დასუფთავების სამსახურის 70-მდე, ხოლო სანიაღვრე სადრენაჟე ქსელების ექსპლუატაციის სამსახურის ექვსი თანამშრომელი. ადგილზე ასევე, მობილიზებულია „თბილსერვის ჯგუფის“, როგორც სანიაღვრე ქსელებისთვის, ასევე დასუფთავებისთვის განკუთვნილი ტექნიკა.

მსგავსი თემები