“ქართული აგრესიის შედეგად, აფხაზეთიც და სამხრეთ ოსეთიც, დამოუკიდებელ სახელმწიფოებად შედგნენ” – მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელს მარია ზახაროვას მიაჩნია, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი სუვერენულ სახელმწიფოებად შედგნენ. ამის მტკიცებულებად კი ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნების“ ჩატარებას თვლის. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დასავლეთს სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციაში სდებს ბრალს. 

“ვხედავთ, როგორ ტენიან საქართველოს იარაღით, ითრევენ სამხედრო ბლოკებში და ამის მოტივაციად ვაშინგტონსა და ბრიუსელში ამ სახელმწიფოსა და მთელი რეგიონის რაღაც „სტაბილურობას“ ასახელებენ. მუდმივად საუბრობენ რუსულ ოკუპაციაზე და ა.შ. გასული წლების განმავლობაში ქართული აგრესიისა და ეკონომიკური ბლოკადის შედეგად, სერიოზულად დაზარალებული აფხაზეთიც და სამხრეთ ოსეთიც, შედგნენ როგორც სუვერენული დამოუკიდებელი სახელმწიფოები. საპრეზიდენტო არჩევნები არის იმ ფაქტის კიდევ ერთი დადასტურება, რომ აფხაზეთის რესპუბლიკა შედგა როგორც თავისუფალი, დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელიც ავითარებს ეკონომიკას და სხვა სფეროებს დემოკრატიულ საფუძვლებზე.

ორივე რესპუბლიკაში მოქმედებს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების სისტემა, ვითარდება პოლიტიკური გარემო და დემოკრატიული პროცესები, შენარჩუნებულია ეროვნული კულტურა და თვითმყოფადობა. რჩება ძალიან ბევრი პრობლემა, რომლებიც გვარდება (ზოგიერთი წარმატებით, ზოგიერთის გადაწყვეტილება კი ჯერ მოსაძებნია)“ – განაცხადა ზახაროვამ.

მსგავსი თემები