„რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს, კახა დამენიას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 ათასი ლარი შეეფარდა. ამასთან, მას ქვეყნის დატოვების უფლებაც შეეზღუდა.

კახა დამენია საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ბრალი მაშინ წაუყენეს, როდესაც საქართველოში არ იმყოფებოდა და საზღვარგარეთ მკურნალობდა.

„ბუნებრივია, ბრალს აბსოლუტურად არ ვეთანხმები, რადგან თითიდან გამოწოვილი თემაა და ამას ყველა ნახავს, როდესაც დაიწყება არსობრივი განხილვა. არ ვეთანხმები არც აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას. უამრავი არგუმენტი მოვიყვანეთ, ყველაზე მთავარი არგუმენტი – ბრალი წამიყენეს ისე, რომ არ ვიყავი საქართველოში, ვმკურნალობდი. შევწყვიტე მკურნალობა და ჩამოვედი. პროკურატურის არგუმენტია, რომ თეორიულად არსებობს საშიშროება მიმალვისა და პრაქტიკაში გვაქვს ის, რომ შევწყვიტე მკურნალობა. ასეთ დროს რომ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ბუნებრივია, იქ არგუმენტაციაზე და ლოგიკურ აზროვნებაზე საუბარი ძნელია“, – განაცხადა დამენიამ.

დაცვის მხარე გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. 

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიას გამოძიება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვას ედავება, რაც ჩადენილი იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. 

მსგავსი თემები