“რუსული პროპაგანდა რეალურია, ეს მხოლოდ თქვენთან არ ხდება” – ბრიტანეთის პარლამენტის წევრი

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრისა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, მედლინ მუნის განმარტებით, რუსული პროპაგანდა რეალურია და ეს მხოლოდ საქართველოში არ ხდება. მისი თქმით, მთავრობას ბევრი რამის გაკეთება შეუძლია, მაგრამ ბევრი უნდა გააკეთონ მოქალაქეებმაც.

მისი თქმით, რუსული პროპაგანდის გავლენა და რუსეთის მიერ პროცესებში ჩარევის მცდელობა ბევრ ქვეყანაში შეინიშნება, მათ შორის ბრიტანეთსა და ლატვიაში.

„ასეა ბრიტანეთიც. ნახეთ მიულერის გამოძიება აშშ-ში. იცით საფრანგეთის არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობა, ლატვიაში ასეთი რამ ყოველდღე ხდება. ეს რეალურია. მთავრობას ბევრი რამის გაკეთება შეუძლია, მაგრამ მოქალაქეებმაც უნდა გააკეთონ ბევრი. ყველა მოქალაქესა და ჟურნალისტს აქვს პასუხიმგებლობა. ჩვენ ყველანი განვიცდით ამ საშიშროებას, ეს მხოლოდ თქვენთან არ ხდება, მაგრამ თქვენ განსაკუთრებული საფრთხეები გაქვთ. მოქალაქეებმა მხარი უნდა დაუჭირონ ინსტიტუციებს“, – აღნიშნა მედლინ მუნმა.

ასევე, მუნმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატო მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

ამასთან, მან ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებაზეც ისაუბრა.

„ეს არ არის შეთავაზება ნატო-სთვის, რომ მიიღოს გადაწყვეტილება. ჩემს პატივისცემას ვერ დაიმსახურებდა ვერავინ, ვინც ჩემს ქვეყანაში ჩამოვიდოდა და მეტყოდა, დათმეთ შოტლანდია და დაუბრუნეთ ის შოტლანდიელებსო. ეს არაფრის მომცემია. ეს უფრო მნიშვნელოვანი საკითხია თქვენთვის, იმოძრაოთ წინ, შეგეძლოთ, უპასუხოთ ყველა სტანდარტსა და ვალდებულებას, რაც წევრობისთვის არის საჭირო. თქვენ ამ გზაზე ხართ, რომელიც მარტივი არ არის, მაგრამ მიზნის გამო ღირს ამის გავლა და ჩვენ თქვენთან ერთად ვართ, თქვენთან ერთად ვიმუშავებთ. საქართველო ყოველთვის არის ჩვენი შეხვედრის დღის წესრიგში. გვსურს, რომ წარმატებას მიაღწიოთ. გთხოვთ, არ იფიქროთ, რომ არ არის ხარვეზები, აირჩიეთ ის, რაც თქვენთვის არის სწორი“, – განაცხადა მედლინ მუნმა.

მსგავსი თემები