“არაერთი დარღვევა ვნახეთ საქმეში, ძირითადი მიზეზი, სამოხელეო დანაშაულია” – სარალიძის ადვოკატი  

“მნიშვნელოვანია სამოხელეო დანაშული, რაზეც პასუხი არაა გაცემული. არაერთი დარღვევა ვნახეთ საქმეში და ძირითადი მიზეზი სამოხელეო დანაშაულია. ვგულისხმობ, ყველა იმ გამომძიებელს და პროკურორს, რომელიც საქმეში იყო ჩართული,”- აღნიშნული განცხადება, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის უფლებადამცველმა ნესტან ლონდარიძემ “მედიაცენტრ მთავარში” გააკეთა.

ადვოკატის განცხადებით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, კითხვები კიდევ არსებობს და მტკიცება, რომ სარალიძე გააჩუმეს და გამოძიების მიმართ კითხვები არ აქვს,  სიცრუეა.

“ბოლო დროს, ძალიან ხშრად მეორდება  რომ დაზარალებულ მხარეს კითხვები არ აქვს გამოძიებასთან, რაც არ არის სწორი. ჩვენ ძალიან ბევრი კითხვები გვაქვს დღემდე და კითხვების უმეტესობა არის პასუხგაუცემელი. კითხვის ადრესატი,  სწორედ სამოხელეო დანაშაულზე მიმდინარე გამოძიებაა. საქმე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამაც შეისწავლა და სიაც კი არსებობს, რომელიც სწორედ იმ პროკურორებითა და  გამომძიებლებით იწყება, რომლებიც საქმეში იყვნენ ჩართულები.  თავდაპირველად, ეს არის ბატონი ფხაკაძე და ქალბატონი გუგუშვილი, რომლებიც წარმართავდნენ საქმეს. ჩვენთვის კითხვის ნიშნები არ ამოწურულა და ნამდვილად გვაქვს,” – განაცხადა ნესტან ლონდარიძემ “მედიაცენტრ მთავარში”

შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლოში, დღეს, ზაზა სარალიძეს დაზარალებულის სტატუსით დაკითხავენ.

მსგავსი თემები