რასმუსენის რეკომენდაციებს აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში დადებითად აფასებენ

ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის რეკომენდაციებს დადებითად აფასებენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ განუცხადა, ნატო-ს წევრ ქვეყნებს შორის საქართველოსთან მიმართებაში უკვე ჩამოყალიბდა ორი განსხვავებული მოსაზრება.

„პირადად ჩემი დამოკიდებულება დადებითია, თუმცა ვიზიარებ რეკომენდაციის ავტორების მოსაზრებას რისკებთან დაკავშირებით და საკითხის განხილვის აუცილებლობის შესახებ. აშკარად ჩანს, რომ ნატო-ს წევრ ქვეყნებს შორის საქართველოსთან მიმართებაში ყალიბდება თუ უკვე ჩამოყალიბდა ორი განსხვავებული მოსაზრება. ერთი გაჟღერდა 2018 წლის 29 იანვარს (ჰერითიჯის ფონდის ანგარიში, ლუკ კოფი) და გამეორდა 2019 წლის 10 სექტემბერს (ანდერს ფოგ რასმუსენი).

მეორე მოსაზრება კი 2018 წლის 24 აგვისტოს მკაფიოდ დააფიქსირა საქართველოში ვიზიტით მყოფმა გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა, როცა ის ქართველ სტუდენტებს შეხვდა. ქალბატონმა კანცლერმა აღიარა საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციის ფაქტი, რომელსაც „აღმაშფოთებელი უსამართლობა“ უწოდა; ამასთანავე აღნიშნა, რომ მოცემულ ეტაპზე გერმანიას არ შეუძლია ისაუბროს ნატო-ში საქართველოს სწრაფი გაწევრიანების შესახებ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონტექსტის გამო.

ერთიც და მეორე მოსაზრებაც საქართველოს მეგობრებს ეკუთვნით, აღნიშნული მოსაზრებები გამოხატავს ნატო-ს წევრი, ამა თუ იმ, ქვეყნის თუ ქვეყნების ინტერესებს, ამიტომ ჩვენ მათ პატივი უნდა ვცეთ. ამასთან, ჩვენც გვაქვს უფლება და მოვალეობაც, საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე შევაფასოთ ზემოაღნიშნული მოსაზრებები ან შევთავაზოთ მესამე გზა. ამ ეტაპზე საუბარია ორ განსხვავებულ გზაზე.

სამწუხაროდ, ქალბატონ მერკელის მიერ გაცხადებული პოზიცია ჯერჯერობით მომგებიანია მხოლოდ რუსეთისთვის, აქეზებს მას უსასრულოდ გააგრძელოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია, რათა თავიდან აიცილოს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება. ალბათ, ამას გულისხმობდა ბატონი ანდერს ფოგ რასმუსენი რუსეთის ფაქტობრივ ვეტოში, რომლის დაძლევაც უნდა მოხდეს მისი წინადადების გაზიარების შემთხვევაში“, – განაცხადა გამახარიამ.

აფხაზეთის ავტონომიურის რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, როდესაც ვსაუბრობთ ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის რეკომენდაციაზე, უნდა გვახსოვდეს მეორე მოსაზრებაც და ისე გავაკეთოთ ჩვენი დასკვნები.

“აქვე გავითვალისწინოთ, რომ საქართველოსთვის ოფიციალურად არავის, პირველ რიგში, ნატო-ს ან მის წევრ რომელიმე სახელმწიფოს არავითარი შეთავაზება არ გაუკეთებია; კერძო პირმა, არასამთავრობო ორგანიზაციამ წამოაყენეს იდეა, რომლის მიმართ შეიძლება არსებობდეს სხვადასხვა დამოკიდებულება“, – განაცხადა ჯემალ გამახარიამ.

ცნობისთვის, ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის აზრით, საქართველომ უნდა დაიწყოს დისკუსიები, მისაღები იქნება თუ არა მისთვის, შეუერთდეს ნატო-ს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ გარეშე და მეხუთე მუხლმა მხოლოდ ის ტერიტორია მოიცვას, რომელსაც მთლიანად აკონტროლებს საქართველოს ხელისუფლება.

მსგავსი თემები