“ის რომ კრამერი არ მიცნობდა, დიდი ტყუილია, ჩვენ ერთმანეთს 2010 წლიდან ვიცნობთ” – ინაშვილი

  •  

“ის რომ კრამერი არ მიცნობდა, დიდი ტყუილია, რადგან ჩვენ ერთმანეთს ჯერ კიდევ 2010 წლიდან ვიცნობთ”, – ეს განცხადება პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

ინაშვილის თქმით, ის გუშინდელ კონფერენციაზე მარტო მივიდა და განზრახული არ ჰქონია ღონისძიების ჩაშლა.

“დღეს 6 საათამდე ველოდებოდი, რომ გუშინდელ ფაქტთან დაკაშირებით რეაქცია ექნებოდათ პარლამენტიდან ჩემს კოლეგებს, ან რომელიმე სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენელს, მაგრამ არის სრული დუმილი. ეს კი იმის მანიშნებელია, რომ დღეს მთავრობა ვერ იცავს არათუ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, არამედ საკუთარ მოქალაქეს.

დიდი ტყუილია ის, რომ ბ-ნმა კრამერმა ვერ მიცნო. მე და ის ერთმანეთს ვიცნობთ ჯერ კიდევ 2010 წლიდან. ფოტო გადაღებულია ვაშინგტონში, მის ოფისში. ჩვენ შევხვდით მას ჯერ კიდევ სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში. საუბარი იყო იმ ძალადობრივ ფაქტებზე, რასაც სააკაშვილის რეჟიმის დროს ადგილი ჰქონდა საქართველოში. ძალიან მძიმე შეხვედრა იყო ეს და მაშინ გახდა ჩემთვის ნათელი, რომ კრამერი სააკაშვილ-ბოკერიას აქტიური მხარდამჭერი იყო. კრამერი არის მატყუარა, თავხედი და უზრდელი ადამიანი.

გუშინდელ პრესკონფერენციაზე მივედი მარტო. განზრახული არ გვქონდა კონფერენციის ჩაშლა. ეს რომ გვდომოდა, ჩვენს პარტიას მრავალათასიანი მხარდამჭერი ჰყავს და მე ამ ათი ათას კაცთან ერთად უბრალოდ მივიდოდი და გადავკეტავდი ბელინკსის ქუჩას. მეტიც, საერთოდ არ მივიდოდი იქ, მთავარი თემა რომ არ ყოფილიყო ბოკერიას მოხსენებაში „პატრიოტთა ალიანსი“ და ჩვენთან მიმართებაში რომ არ გავრცელებულიყო უამრავი ტყუილი. მე მივედი ამ კონფერენციაზე იმისათვის, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის მიმეწოდებინა ობიექტური ინფორმაცია”, – განაცხადა ინაშვილმა.

მისივე თქმით, ასევე სიცრუეა, თითქოს მან ე.წ. რუსულ პანელს დაამთხვია კონფერენციაზე მისვლა.

ამასთან, ინაშვილი ხაზგასმით აცხადებს, რომ დევიდ კრამერი მას ხელით შეეხო.

„მიზანმიმართულად არ ვუსვამ ხაზს იმას, რომ მაქვს სტატუსი, ვარ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და პარლამენტის წევრი. თუმცა, რა თქმა უნდა, ესეც მნიშვნელოვანია. ის შეეხო ჩემი სახით იმ ამომრჩეველს, ქართველი ხალხის იმ ნაწილს, რომლის სახელითაც მე ვარ წარდგენილი პარლამენტში. ორმაგად სამწუხაროა, როდესაც ყველა დუმილშია, საქართველოს სამარცხვინო მთავრობა და საქართველოს სამარცხვინო პარლამენტი“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე ირმა ინაშვილსა და დევიდ კრამერს შორის დაპირისპირება მოხდა. 

მსგავსი თემები