„ჩვენი ქვეყნის ერთიანობას, ალტერნატივა არ აქვს, მიუღებელია,  სტუმარი, მასპინძლის მოკარნახე იყოს”- კობა კობალაძე

“ნებისმიერი თემა შეიძლება, გავხადოთ სასაუბრო, მაგრამ არის კონკრეტული ზღვარი, რომლის იქითაც  არ უნდა გავიხედოთ. ჩემთვის ეს ზღვარი არის ჩემი ქვეყნის ერთიანობის ხედვა. ყველაფერი, ქართველმა ერმა უნდა გადაწყვიტოს. ფაქტი ერთია, ჩვენს ქვეყანას სტრატეგიული მომავალი და ხედვა გაცხადებული აქვს,”- ასე შეაფასა საერთაშორისო კონფერენციაზე, ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადება ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის წევრმა, გენერალმა კობა კობალაძემ.

როგორც კობა კობალაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ აღნიშნა,  სტრატეგიულმა პარტნიორებმა, საქართველო, ერთიან, ძლიერ სახელმწიფოდ უნდა აღიარონ. მისი თქმით, საქართველო მიისწრაფვის ევროატლანტიკური სივრცისკენ, მაგრამ არა ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე.

“თუ გვინდა ხიბლიანები ვიყოთ, თუნდაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი ჩვენი თანამოძმეების და თანამოქალაქეების, სტრატეგიული პარტნიორების ძირითადი  დახმარება, უნდა გამომდინარეობდეს იმით, რომ საერთაშორისო ასპარეზზე, გვაღიარონ ერთიან, ძლიერ სახელმწიფოდ. მიუღებელია,  ნებისმიერი სტუმარი, მასპინძლის მოკარნახე იყოს.  ეს ქვეყანა გვეკუთვნის ჩვენ. საერთაშორისო პარტნიორები აღიარებენ საქართველოს ტერიტორიას და ისტორიულად, აღიარებულ საზღვრებს წინ არაფერი დაუდგება რუსეთის აგრესიული პოლიტიკის მეტი. აქედან გამომდინარე, ჩვენი ქვეყნის ერთიანობას, ალტერნატივა არ აქვს“,  – განაცხადა კობა კობალაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

თუმცა, დეპუტატის შეფასებით, ძალა უნდა ვიპოვოთ, რომ ნებისმიერ საკითხზე ვიმსჯელოთ და მსჯელობა  ერთმანეთზე ქვების სროლის საფუძველი არ უნდა გახდეს.

„იმას, რომ ეს ქვეყანა  ერთიანი უნდა იყოს და ნებისმიერ საკითხი ერთიანად უნდა განვიხილოთ, ალტერნატივა არ აქვს. მსჯელობა ერთმანეთზე თოფის სროლის საფუძველი არ უნდა გახდეს.  ფაქტი  ერთია –  ის, რომ ჩვენ ვართ ამ ქვეყნის მასპინძლები, ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს;  ის, რომ ჩვენთვის ვიღაცას  კარგი უნდა, ესეც უნდა გავიაზროთ. ნებისმიერი საკითხი, რომელიც ჩვენი ქვეყნის და ჩვენი შვილების მომავალზეა ორიენტირებული, უნდა იყოს ჩვენგან გათავისებული, მიღებული და მხარდაჭერილი“ – განაცხადა კობა კობალაძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

შეგახსენებთ, რომ ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა თბილისში, საერთაშორისო კონფერენციაზე, საქართველოს შესთავაზა  ნატოს მმართველობა გავრცელდეს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად  ტერიტორიებზე და ამ საკითხზე მსჯელობა დაიწყოს.     

მსგავსი თემები