ლიეტუველი დეპუტატი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს ურჩევს, ბოკერია შეიყვაროს

„ბოკერია არ არის თქვენი საუკეთესო მეგობარი. თქვენ მოგიწევთ მისი შეყვარება“ – ასე მიმართა  ლიეტუველმა დეპუტატმა ზიგიმანტას პავილიონისმა საერთაშორისო კონფერენციის დაუპატიჟებელ სტუმარს  ირმა ინაშვილს.  

მეორე დღეა, თბილისში საერთაშორისო კონფერენცია „Now What“ იმართება, სადაც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები და საერთაშორისო ექსპერტები მონაწილეობენ.

დეპუტატ ირმა ინაშვილის კონფერენციაზე გამოჩენას ხმაური მოჰყვა, რადგანაც ის ღონისძიებაზე მიწვეული არ ყოფილა და არც სიტყვის გამოსვლის უფლება ჰქონდა. კონფერენციის უცხოელმა ექსპერტებმა კი მისი ვინაობის შესახებ არაფერი იცოდნენ.

ხმაურისა და დარბაზიდან ინაშვილის გაძევების მცდელობის შემდეგ, მას ლიეტუვის პარლამენტის წევრმა მიმართა და მოუწოდა, გიგა ბოკერია შეიყვაროს.

„ბოკერია არ არის თქვენი საუკეთესო მეგობარი, მოგიწევთ მისი შეყვარება.  ჩვენ სწორედ ეს ვისწავლეთ ლიეტუვაში. შეიძლება, ჩვენგან განსხვავებულები იყოთ, განსხვავებული შეხედულებები გქონდეთ, მაგრამ თუ თქვენ გსურთ ამ ადამიანების დარწმუნება სტრატეგიულ, ეროვნულ მიზნებში, მაშინ სასურველია, თქვენ დარჩეთ ბოკერიასთან მანამ, ვიდრე არ შეხვალთ ევროკავშირში და ნატო-ში, მერე იჩხუბეთ რამდენიც გინდათ. არ უნდა გააკეთოთ ის, რაც გააკეთეთ”,- განაცხადა დეპუტატმა.

ირმა ინაშვილი კი გიგა ბოკერიას მწამებლად მოიხსენიებდა და კონფერენციის მონაწილეებისგან ითხოვდა პასუხს, არის თუ არა დემოკრატია, როცა სააკაშვილი და ბოკერია საქართველოში ადამიანებს წლების განმავლობაში აწამებდნენ.

მსგავსი თემები