დიმიტრი ხუნდაძემ გიორგი გახარიას სოციალურად დაუცველთა პროგრამის რეფორმირება სთხოვა

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა დიმიტრი ხუნდაძემ, პარლამენტში, სადაც მინისტრთა კაბინეტის კანდიდატებს უსმენენ, სოციალურად დაუცველთა ბაზის ხარვეზებზე ისაუბრა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს სისტემის რეფორმირების საჭიროებით მიმართა.

როგორც დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, პროგრამა ხარვეზით მუშაობს და აღნიშნულიდან გამომდინარე, რიგ შემთხვევებში, სოციალურად შეჭირვებულები ზარალდებიან.

„ზოგჯერ, სისტემა ვერ ხედავს სოციალურად  შეჭირვებულ ადამიანებს და ის ოჯახები, რომელთაც სჭირდებათ სახელმწიფოს მხრიდან დახმარება, დახმარებას ვერ იღებენ. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროგრამაში ძალიან ბევრი სიახლე იქნა შეტანილი და ის გათავისუფლდა  პოლიტიკური შემადგენლობისგან . ყველას ახსოვს, რომ ეს ეს სისტემა, რომელიც 2012 წლამდე იქნა შეთავაზაბული, ძირითადი განმსაზღვრელი პოლიტიკური შეხედულება იყო.  სოციალურად დაუცველის სტატუსი ძირითადად ეძლეოდათ მოქალაქეებს, საარჩევნო ხმის სანაცვლოდ. ეს ჩვენ შევცვალეთ და არის შემთხვევები, როცა ჩვენი მომხრეებიც კი გვსაყვედურობენ, რომ მათ მოეხსნათ სტატუსი. გავაორმაგეთ დახმარების ოდენობა, ბავშვის კომპონენტიც შემოვიტანეთ, თუმცა ეს პროგრამა არის ხარვეზიანი და საჭიროებს ცვლილებას. არ მაქვს მოლოდინი, რომ პროგრამა იქნება იმდენად მაღალი სიზუსტის, რომ ხარვეზები არ დაფიქსირდება, მაგრამ, ვფიქრობ,  ცვლილებები განსახორციელებელია. გეგმავთ თუ არა ამ სისტემის რეფორმირებას, განახლებას და  ცვლილებების განხორციელებას“ – მიმართა დიმიტრი ხუნდაძემ გიორგი გახარიას.

პრემიერ მინისტრობის კანდიდატის  განცხადებით, სოციალური დახმარების მიზნობრიობა არის ძალიან დიდი პრიორიტეტი. მისივე შეფასებით, მენეჯმენტი, ხარისხი და პროგრამის დახვეწა ასევე პრიორიტეტული იქნება.

დიმიტრი ხუნდაძეს ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმაც უპასუხა და აღნიშნა, რომ პროგრამაში ხარვეზები ნამდვილად არის და დაგეგმილია ამ ხარვეზების გამოსწორება.  

მსგავსი თემები