“მაგ უმეცარი ნაბიჯით ვეღარ მომატყუებთ!” – ზაზა სარალიძე პრემიერსა და იუსტიციის მინისტრს მიმართავს


თბილისში, ხორავას ქუჩაზე, თანატოლების მიერ მოკლული 13 წლის მოზარდის, დავით სარალიძის მამა, რომელიც პარლამენტის შენობის წინ 2 დღეს საპროტესტო აქციას მართავს, მადლობას უხდის ქვეყნის პრემიერ-მინისტრს აქციაზე მისვლისა და სამძიმრის გამოცხადებისთვის, თუმცა აცხადებს, რომ აღარ მოტყუვდება. 

ზაზა სარალიძე უნდობლობას უცხადებს მისი შვილის მკვლელობის საქმის ხელახალ გამოძიებას, რადგან მისი თქმით, მოწმეების მშობლები სუბელიანმა პროკურატურის დახმარებით დააშინა და ნივთმტკიცებები განადგურდა.

საქმის შსს-სთვის ხელახლა გამოსაძიებლად გადაცემის შესახებ გუშინ, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.  

“მაგ უმეცარი ნაბიჯით მე ვეღარ მომატყუებთ. რომელ გამოძიებაზეა საუბარი, როდესაც აღარც მოწმეები და აღარც ნივთმტკიცებები არსებობს. მოწმეების მშობლები დააშინეს პროკურატურის დახმარებით სუბელიანის ოჯახმა და აგრეთვე გაანადგურეს ნივთმტკიცებები. როგორ ფიქრობთ? ვინმე გადადგამს ნაბიჯს და თავიანთი შვილების სიცოცხლეს ეჭვქვეშ დააყენებენ??? მე ვიცი, განწირული ვარ ამ საქმიდან გამომდინარე და ადრე თუ გვიან მომიღებთ ბოლოს და ბატონი იური ვაზაგაშვილის ბედს გავიზიარებ. მაგრამ მე არ მოგცემთ უფლებას ჩემ შვილს სულში ჩააფურთხოთ მანამ, სანამ ცოცხალი ვარ. მაგ ზღაპრებს მე ექვსი თვე ვისმენდი”, – წერს ზაზა სარალიძე სოციალურ ქსელში. 

​მისი აზრით, იმ ვითარებაში, როდესაც მოწმეები დაშინებული და მოსყიდულია, ხოლო ნივთმტკიცებები განადგურებული, ქვეყნის ხელისუფლება საზოგადოების და მის მოტყუებას ცდილობს.  

“გამოდის, რომ სისტემას მთავრობა მფარველობს. ერთად ერთი ადამიანი მთავრობიდან, ვინც ჩემი მხარდაჭერა გამოხატა ეს არის მართლა ადამიანი და მართლა ქართველი, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და მისი ოჯახი. მართველი გუნდის არც ერთ წარმომადგენელს არ ჰქონდა სურვილი გვერდით დამდგომოდა, როგორც ადამიანი. როგორ ვენდო მათ, რომლებსაც საერთოდ არ აინტერესებთ ჩემი მოსმენაც კი”, – წერს მოკლული მოზარდის მამა.

ზაზა სარალიძე იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის გუშინდელ განცადებასაც ეხმიანება, სადაც მინისტრმა განაცხადა, რომ მკვლელობის საქმეებს ქუჩაში არ იძიებენ.  

ზაზა სარალიძე თეა წულუკიანს მიმართავს და აცხადებს, რომ 6 თვის განმავლობაში ეხვეწებოდა ხელისუფლებას მხარდაჭერას. სანამ ქუჩაში გავიდოდა, პირადად შს მინისტრსაც სთხოვა შეხვედრა, საკუთარი  გულისწუხილი რომ გაეზიარებინა, მაგრამ უშედეგოდ.
“ახლა, თვენ მომიწოდებთ, ქუჩაში არ არის გადასაწყვეტიო?! სად იყავით სანამ ქუჩაში გავიდოდი?! სად იყავით 6 თვე დამცირების მეტი არაფერი რომ არ მიმიღია!!!! სად იყავით, სად?! ექვსი თვე, ყოველ ღამე ჩემი მეუღლე ჩემ შვილს ელაპარაკება. იცი შენ ეს რას ნიშნავს? შენობით იმიტომ მოგმართე, ჩემთვის უბრალო ადამიანი ხარ და არა ჩინოვნიკი. მთელმა სისტემამ გადაწყვიტა ჩემი განადგურება. მე დავანგრევ ამ სისტემას ან მომკალით რაც ჩემთვის ძალიან დიდი შვება იქნება”, – წერს ზაზა სარალიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდში.

მსგავსი თემები