„ტყის მდგრადი მართვა აუცილებელი წინაპირობაა, რომ შევინარჩუნოთ ბუნებრივი რესურსები“ – ლევან დავითაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა, ლევან დავითაშვილმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე  სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა  ბიომრავალფეროვნების დაცვის მნიშვნელობაზე.

„ჩვენი ქვეყნის 40 %  ტყით დაფარულია. ვფიქრობ, ბუნებრივი რესურსებიდან ეს არის  ყველაზე დიდი სიმდიდრე, რომელიც ჯერ კიდევ შენარჩუნებულია. საკმაოდ რთულ და სავალალო მდგომარეობაში იყო აღნიშნული სექტორი. შესაბამისად, რამდენიმე წლის წინ დაიწყო კომპლექსური რეფორმა და დღეს, უკვე პარლამენტთან ვმუშაობთ ახალი კოდექსის მიღებაზე, რომელიც აბსოლუტურად ახალ საკანონმდებლო სივრცეს ქმნის, ტყის მდგრადი მართვის მიმართულებით, რაც  აუცილებელი წინაპირობაა,  რომ შევინარჩუნოთ ბუნებრივი  რესურსები და მან თავისი წვლილი შეიტანოს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში“ – აღნიშნა მინისტრობის კანდიდატმა.

მისივე განცხადებით, სატყეო სექტორის განვითარებისთვის 32 მილიონ დოლარიან დაფინანსებას ელოდებიან: „დაგეგმილია 150 კმ-მდე  სატყეო-სამეურნეო გზების, საქმიანი ეზოების მოწყობა, ტყის მეურნეობების აღდგენა.  უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო სავარაუდოდ, მიიღებს 32 მილიონ დოლარიან დაფინანსებას, იმისთვის, რომ ჩვენ სწორად გავაკეთოთ ინვესტიციები სატყეო სექტორის განვითარებისთვის. ეს, პირდაპირ კავშირშია ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობასა   და  ეკოლოგიური  მდგომარეობის გაუმჯობესებასთან“.

მინისტრობის კანდიდატის ინფორმაციით, ბიომრავალფეროვნების კუთხით სამინისტრო, პარლამენტთან ერთად  ახალ კანონმდებლობაზე მუშაობს.

„შეიქმნა  ველური ბუნების ეროვნული სააგენტო, რომლის ძირითადი ფუნქციებია: ფლორისა და ფაუნის სახეობათა ეტაპობრივი აღრიცხვისა და შემდგომი მონიტორინგის და კვლევების ორგანიზება, აღწარმოებისთვის საჭირო სამუშაო გენოფონდის შექმნა, ნადირობისა და სპორტული თევზჭერის რეგულირება; კერძო სექტორისთვის სახეობათა გასამრავლებელი მასალისა და საკონსულტაციო მომსახურებების  მიწოდება; მოსახლეობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობა“.

მსგავსი თემები